ადგილობრივი სახელწოდება
ჯანგარო (თუშ.) [1, 2, 3], კლდის ჟანგი (თუშ.) [1]
მორფოლოგიური აღწერა
თალუსი ფირფიტისებრი, გაურკვეველი ფორმის, იშვიათად არასწორი როზეტისებრი, საკმაოდ სუსტად მიმაგრებული სუბსტრატზე, ნაკვთები 5-10 მმ სიგანის, ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული, ღრმად ჩაჭრილი, ხშირად მჭიდროდ შეკრებილი და ერთმანეთზე მოუწესრიგებლად დალაგებული. ზემოთა ზედაპირი მომწვანო, მონაცრისფრო-მომწვანო, მოყვითალო, ცენტრისკენ ხშირად უფრო მუქი, ნაკვთების კიდეებისკენ პრიალა, იზიდიებისა და სორედიების გარეშე. ქვემოთა ზედაპირი ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფერამდე, მოკლე რიცინებით. აპოტეციუმები მჯდომარე 10 მმ დიამეტრის, მუქი ყავისფერი დისკოთი და მეტ-ნაკლებად მთლიანი ან ოდნავ დაკბილული კიდით. სპორა 8-12 X 5-7 მკმ.
ჰაბიტატი
სილიკატურ კლდეებსა და ლოდებზე.
გავრცელება
სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, აჭარა, ქართლი, მთიულეთი, კახეთი, თრიალეთი, ჯავახეთი, მესხეთი [5].
ტრადიციული გამოყენება
თუშეთი – „ჯანგარო, კლდის ჟანგია, საღებავად ვიყენებთ, აგურისფერი გამოდის“ [1]; „ჯანგარო კლდეებზე და დიდ ლოდებზეა, ვაგროვებ, დავალბობ 1-2 დღე, მერე ამ წყალში ჩავდებ ძაფს, ვადუღებ 30 წუთი, ამოვიღებ, შევფუთავ ცელოფანში, გაცივდება და გავრეცხავ. შოკოლადზე ღია ფერის გამოდის“ [2]; „ჯანგაროს საღებავად ვიყენებ, აგურისფერი გამოდის“ [3]. აჭარა – „დიდ ლოდებზე რომ არის ფერად-ფერადი, იმას ვაგროვებდით ბავშვობაში და დავყრიდით ლიპ ქვაზე, მეორე მოგრძო ქვით მოვურევდით, სანამ არ გაიხსნებოდა, ვიყენებდით სახატავად ფურცლებზე, ქვებზე. აბა სად იყო ფერადი ფანქრები. ვიღებდით ჟანგისფერს, ყავისფერს, თეთრს, გახუნებულ ბალახისფერს. მოწითალო უფრო ქვაზე ზემოდან მზის მხარეს იყო, მწვანე უფრო ჩრდილის მხარეს იზრდებოდა“ [4].
წყაროები
- მელაიძე, ქ., იჭრიაული, ნ. 2014. სოფ. ალვანი, ახმეტა. 2. ხოსიკურიძე, ა. 2014. სოფ. ომალო, ახმეტა. 3. ბახტურიძე, ც. 2014. … 4. კვიახიძე, ე. 2016. სოფ. რიყეთი, ხულო (ეკომიგრანტი სოფ. ღრმაღელეში, ლანჩხუთი). 5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.

