Xanthoparmelia conspersa (Ehrh. ex Ach.) Hale

Xanthoparmelia conspersa (Ehrh. ex Ach.) Hale
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Xanthoparmelia conspersa (Ehrh. ex Ach.) Hale
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ჯანგარო (თუშ.) [1, 2, 3], კლდის ჟანგი (თუშ.) [1]

მორფოლოგიური აღწერა

თალუსი ფირფიტისებრი, არასწორად როზეტისებრი ან გაურკვეველი ფორმის, მჭიდროდ მიმაგრებული სუბსტრატზე. ნაკვთები შედარებით ვიწრო, 1-3 მმ სიგანის, დატალღული, მეტნაკლებად მჭიდროდ შეკრებილი, დატოტიანების ძალიან ცვალებადი ხარისხით, ოდნავ წამახვილებული, ზოგჯერ წაკვეთილი ბოლოებით. ზემოთა ზედაპირი მოყვითალო-მომწვანო, ჭაობისფერი მომწვანო, ცენტრისკან ზოგჯერ უფრო მუქი, ხოლო კიდეებისკენ პრიალა, ბრტყელი, გლუვი, ცვალებადი რაოდენობით იზიდიებით, ხშირად პიკნიდიებით; ქვემოთა ზედაპირი შავი, პრიალა, დაფარული მოკლე, შავი რიცინებით. იზიდიები ჩხირისებრი ან მარჯნისებრი. აპოტეციუმები 10 მმ-მდე ან მეტი დიამეტრის, მუქი ყავისფერი, თავდაპირველად ჩაზნექილი დისკოთი, თხელი თალუსის ფერის, ხშირად იზიდიებით დაფარული კიდით. სპორა 8-12 X 5-7 მკმ. პიკნიდიები შავი წერტილების სახით, მთელ თალუსზე.

ჰაბიტატი

სილიკატურ კლდეებზე, ლოდებზე, ჩვეულებრივ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. მთასა და ბარში.

გავრცელება

სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, ქართლი, მთიულეთი, თრიალეთი, ჯავახეთი, მესხეთი [5].

ტრადიციული გამოყენება

თუშეთი – „ჯანგარო, კლდის ჟანგია, საღებავად ვიყენებთ, აგურისფერი გამოდის“ [1]; „ჯანგარო კლდეებზე და დიდ ლოდებზეა, ვაგროვებ, დავალბობ 1-2 დღე, მერე ამ წყალში ჩავდებ ძაფს, ვადუღებ 30 წუთი, ამოვიღებ, შევფუთავ ცელოფანში, გაცივდება და გავრეცხავ. შოკოლადზე ღია ფერის გამოდის“ [2]; „ჯანგაროს საღებავად ვიყენებ, აგურისფერი გამოდის“ [3]. აჭარა – „დიდ ლოდებზე რომ არის ფერად-ფერადი, იმას ვაგროვებდით ბავშვობაში და დავყრიდით ლიპ ქვაზე, მეორე მოგრძო ქვით მოვურევდით, სანამ არ გაიხსნებოდა, ვიყენებდით სახატავად ფურცლებზე, ქვებზე. აბა სად იყო ფერადი ფანქრები. ვიღებდით ჟანგისფერს, ყავისფერს, თეთრს, გახუნებულ ბალახისფერს. მოწითალო უფრო ქვაზე ზემოდან მზის მხარეს იყო, მწვანე უფრო ჩრდილის მხარეს იზრდებოდა“ [4].

წყაროები

  1. მელაიძე, ქ., იჭრიაული, ნ. 2014. სოფ. ალვანი, ახმეტა. 2. ხოსიკურიძე, ა. 2014. სოფ. ომალო, ახმეტა. 3. ბახტურიძე, ც. 2014. … 4. კვიახიძე, ე. 2016. სოფ. რიყეთი, ხულო (ეკომიგრანტი სოფ. ღრმაღელეში, ლანჩხუთი). 5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.