Xanthoparmelia pulla (Ach.) O. Blanco, A. Crespo, Elix, D. Hawksw. & Lumbsch

Xanthoparmelia pulla (Ach.) O. Blanco, A. Crespo, Elix, D. Hawksw. & Lumbsch
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Xanthoparmelia pulla (Ach.) O. Blanco, A. Crespo, Elix, D. Hawksw. & Lumbsch
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ქვის ხავსი (გარე კახ.) [1]

მორფოლოგიური აღწერა

თალუსი როზეტისებრი, იშვიათად გაურკვეველი ფორმის, 12 სმ-მდე დიამეტრის, შედარებით სუსტად მიმაგრებული სუბსტრატზე, ღრმად დანაკვთული; ნაკვთები 1-4 მმ სიგანის, მომრგვალებული ბოლოებით. ზემოთა ზედაპირი მომწვანო-მოყავისფრო ან ყავისფერი, ცენტრისკენ უფრო მუქი, მქრქალი და დანაოჭებული, კიდეებთან ახლოს უფრო გლუვი და პრიალა, სორედიებისა და იზიდიების გარეშე, იშვიათად აპოტეციუმებით და პიკნიდიებით. ქვემოთა ზედაპირი მუქი და მქრქალი პერიფერიისკენ, ყავისფერი და პრიალა ცენტრისკენ, კიდეებამდე მოკლე, შავი რიცინებით, რომლებიც ხან გადადის რუდიმენტულ წამწამებში. აპოტეციუმები 5-8 მმ დიამეტრის ჩამჯდარი ან ოდნავ წამოწეული; თავდაპირველად პრიალა, ჩაზნექილი, ხოლო შემდეგ მქრქალი, მეტნაკლებად ბრტყელი, ყავისფერი დისკოთი, ნორჩობაში სქელი, ხოლო შემდეგ თხელი კიდით. სპორა ელიფსისებრი ან კვერცხისებრი, 8-12 X 4-7 მკმ.

ჰაბიტატი

ქვებზე, კარგად განათებულ ადგილებში.

გავრცელება

სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, მთიულეთი, ჯავახეთი, მესხეთი [3].

ტრადიციული გამოყენება

გარე კახეთი – ,,ქვის ხავსი, მოყავისფრო, ქვებზეა ოღონდ მდინარის პირებზე არ არის, უნდა შეაგროვო ნამიანზე თორე მშრალი იფშვნება, თუჯის ქვაბში ვღებავდი, წყალში ჩავყრიდი ამ მცენარეს, ადუღდებოდა და ჩავყრიდი ძაფის ხიფებს. გამოდიოდა ჟანგისფერი-მოყავისფრო, ფერი არ გადადიოდა. რეცხავდნენ ნაცართვალში. ამას აკეთებდნენ შემდეგნაირად: გაცრიდნენ ნაცარს, დაასხამდნენ წყალს და ადუღებდნენ, შემდეგ დადგავდნენ და ნაცარი მიდიოდა ქვემოთ და ზემოთ რჩებოდა წყალი. აი, ამ წყალში რეცხავდნენ შეღებილს“ [1]. აჭარა – „დიდ ლოდებზე რომ არის ფერად-ფერადი, იმას ვაგროვებდით ბავშვობაში და დავყრიდით ლიპ ქვაზე, მეორე მოგრძო ქვით მოვურევდით, სანამ არ გაიხსნებოდა, ვიყენებდით სახატავად ფურცლებზე, ქვებზე. აბა, სად იყო ფერადი ფანქრები. ვიღებდით ჟანგისფერს, ყავისფერს, თეთრს, გახუნებულ ბალახისფერს. მოწითალო უფრო ქვაზე ზემოდან მზის მხარეს იყო, მწვანე უფრო ჩრდილის მხარეს იზრდებოდა“ [2].

წყაროები

  1. მგელაშვილი, თ. 2015. სოფ. გომბორი, საგარეჯო. 2. კვიახიძე, ე. 2016. სოფ. რიყეთი, ხულო (ეკომიგრანტი სოფ. ღრმაღელეში, ლანჩხუთი). 3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.