ადგილობრივი სახელწოდება
წითელფეხა მუხისძირა (1).
აღწერა
ქუდი — 5–18 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ უფრო ამობურცული, მომრგვალო-ბალიშისებრი, ხშირად ხავერდოვანი ზედაპირით. ქუდის ფერი ვარირებს მოწაბლისფრო-მოყავისფრო და მუქი-მურა შეფერილობიდან მუქ ყავისფერამდე ან მურა-შავამდე, ზოგჯერ წენგოსფერ-ზეთისხილისფერი ან ღვინისფერ-მეწამული ელფერით. ხელის დაჭერისას მუქდება ან შავდება, ზოგჯერ ლურჯდება, მწიფე ქლიავისფერი, ბადრიჯნისფერი ან მუქი მელნისფერი ხდება. ჰიმენოფორი თავდაპირველად ყვითელი ან მოყვითალო, მოგვიანებით მოყვითალო-მომწვანო-წენგოსფერი ან ზეთისხილისფერი, ფორები მომრგვალო, პატარები და წვრილები, ყვითელი ან მოყვითალო შეფერილობის, შემდეგ ნარინჯისფერი, მოწითალო-აგურისფერი, ხელის დაჭერისას ლურჯდება. ფეხი — 6–14 სმ-მდე სიგრძის და 2–5 სმ-მდე სისქის, ცილინდრული ან ბოლქვისებრი, კასრისებრი, მოყვითალო-მოწითალო-მონარინჯისფრო, ზედაპირზე ბადისებრი გამოსახულების გარეშე, მაგრამ წითელი ქერცლებით ან წინწკლებით. რბილობი — ყვითელი ან მოყვითალო, რამდენადმე გამოხატული სუნისა და გემოს გარეშე, გადატეხვისას ჰაერზე ფერს იცვლის ღია მოლურჯო-წენგოსფერიდან მელნისფერ-ლურჯამდე. სპორები — თითისტარისებრი, მურა-ზეთისხილისფერი, გლუვი 11–16 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში, ხშირად მუხნარებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება 15–20 წუთიანი გათუთქვის შემდეგ, ნადუღი უნდა გადაიღვაროს (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

