ადგილობრივი სახელწოდება
ყველის სოკო (1), კაციყურა (იმერ.) (2).
აღწერა
ქუდი — 2–8 სმ-მდე დიამეტრის. ნიჟარისებრი, ყურისებრი ან ძაბრისებრი, მკვრივი. ხშირი ჯაგრისმაგვარი წანაზარდებით დაფარული ზედაპირით, ღია მოყავისფრო-თამბაქოსფერი, ბეჟი ან უდაბნოს ქვიშისფერი, მდოგვისფერი ან ჩალისფერი, გოგირგისფერი ან ღია ჭერმისფერი, მომატებული ტენიანობისას ღია მელნისფერი ან მოიისფრო ელფერით. ფირფიტები დაღმავალი, ვიწრო, მოთეთრო ან ღია მოყვითალო-მოვარდისფრო. ფეხი — 2–3 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ექსცენტრული, ჯაგრისებრი ზედაპირით, ქუდის ფერი. რბილობი — მოთეთრო, მაგარი, გამოხატული სუნისა და გემოს გარეშე, ზოგჯერ მომწარო გემოთი. სპორები — ელიფსური, გლუვი, უფერული, 4.5–6.5 X 2.5–4 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით რცხილასა და წიფელზე, ნესტიან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ნორჩი. გამხმარს და დაფქულს კვეთის მაგივრად — ყველის შესადედებლად იყენებენ (1).
თიანეთი — „ყველის სოკოს აგროვებენ, აშრობენ, ფქვავენ და ყველის ამოსაყვანად იყენებენ“ (4). კახეთი — „ ყველის სოკოსგან ყველის დედოს ვაკეთებთ“ (5).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- კანთელაშვილი, მ. (2014) თიანეთი.
- რკინაული, თ. (2015) სოფ. თეთრიწყლები, გომბორი.

