გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Phallus impudicus L.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ქვეყნის გულა, სადმამგლიჯე (ჯავ., კახ.), მუცელგვრემია (იმერ.) (1), ქუეყნის-გული (2).

აღწერა

ნაყოფსხეული — ნორჩობაში მომრგვალო კვერცხისებრია, 5–6 სმ-დე დიამეტრის, დაფარულია ორი გარსით, გარეთა გარსი თეთრია, შიგნითა კი მომწვანოა და ლორწოვანი. სოკოს მომწიფებისას გარსები სკდება და იქიდან ამოიზრდება 20 სმ-დე სიმაღლის და 4–6 სმ-დე დიამეტრის მოთეთრო მოყვითალო ცილინდრული ფეხი, თავში ქუდისებრი წარმონაქმნით. ქუდი — 4–5 სმ-დე სიმაღლის, ზარისებრი, მოთეთროდან ზეთისხილისფერამდე, ფიჭისებრი ზედაპირით, რომელიც დაფარული ლორწოთი, ქუდის წვერზე თეთრი დისკოსებრი ნასვრეტით. ზრდასრულ სოკოს ახასიათებს მძორის ძლიერი სუნი. ფეხი — ღრუბლისებრი, ფაშარი, ღრუიანი, ძირში ვოლვის ნარჩენებით. სპორები — მოგრძო-ელიფსური, მოყვითალო ელფერით, გლუვი, 3,5–5 X 1,5–2 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ბაღებსა და მინდვრებში, მდელოებსა და საძოვრებზე, ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში. ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (3).

გამოყენება

კვერცხისებრ სტადიაში სოკო გამოიყენება საჭმელად. შეწვის წინ გარეთა გარსი უნდა შემოეცალოს. სოკოს ლორწოვან შიგთავსს ნეკრისის ქარისა და რევმატიზმების სამკურნალოდ იყენებენ, ხოლო „კვერცხის სტადიის“ სპირტოვან ნაყენს საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ ხმარობენ (1).

კახეთი — „ქვეყნის გულა, სოკოს მსგავსი მცენარეა, ვარდისფერი, ადრე გაზაფხულზე მიწაში ბურთივით არის მისი ფესვი, კანქვეშ ცილასავითაა. გულის ტკივილის წამლად ითვლება“ (4). ფშავი — „ქვეყნისგულა, ერთგვარი სოკოა, წვიმების დროს ჩნდება ტყეში. ვაშლისოდენაა, ვაშლივით მრგვალი, მძაფრი სუნით პოულობენ, გადაფრცქვნიან და ჭამენ, კარალიოკივით ლოფლოფაა. მეორე სახისაა კიდევ გადმობრუნებული ვიწრო, მაღალი ჭიქის მსგავსი, ქათქათა თეთრი და ნახვრეტებიანი, მარწყვით ავსებენ და ისე ჭამენ თუ არის ამის დრო და შესაძლებლობა“ (5). დუშეთი — „ჩემი დედობილი, ბალღობაში ქვეყნის გულათი ანგინას მკურნალობდა, სანამ კვერცხივით იყო, კანს გადააცლიდა და მთელ-მთელს გვაყლაპებდა“ (6). იმერეთი — „სანამ კვერცხივითაა ვაგროვებ, მზეზე კარგად გავაშრობ, მერე დავფქვავ და ამ ფხვნილს ვინახავ, შიშების დროს დანის წვერით ამოვიღებ ამ ფხვნილს, წყალში კარგად გავქნი და დავლევ. ამითი შიშებს მკურნალობენ“ (7) თეთრიწყარო — „სანამ კვერცხივითაა, ვაგროვებ, ორი კვირა ვყრი ძმარში და მზეზე მიდგას, მერე ამოვიღებ და კარგად ვაშრობ მზეზე, დავფქვავ და ვინახავ, გულის შეტევებისას დანის წვერით ვსვამ. ბებიაჩემმა მასწავლა ეს წამალი“ (8).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ორბელიანი, სულხან-საბა (1991) ლექსიკონი ქართული. საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. – თბილისი: მერანი.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. მენთეშაშვილი, ს. (1943) ქიზიყური ლექსიკონი: ქართველურ ენათა ლექსიკა. თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა.
  5. ხორნაული, გ. (2000) ფშაური ლექსიკონი. თბილისი: ქრონოგრაფი.
  6. ბულალაური, პ. (2014) სოფ. ბულაჩაური, დუშეთი.
  7. ანგელინა. (2016) სოფ. ჩაშორა, საჩხერე.
  8. წიკლაური, მ. (2004) მანგლისი.