Hypholoma fasciculare (Huds.) P. Kumm.

Hypholoma fasciculare (Huds.) P. Kumm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Hypholoma fasciculare (Huds.) P. Kumm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მანჭკვალას მატყუარა (1), (2), მაჭკუნარას მაცილობელა (რაჭ.) (3).

აღწერა

ქუდი — 2–7 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ზარისებრი, შემდეგ რამდენადმე გაშლილი, შუაში დამახასიათებელი ბორცვაკით, გლუვი ზედაპირით, მოყვითალო, მურა-მოყვითალო ან გოგირდისფერი-მოყვითალო, კიდეებისკენ უფრო ღიავდება, ცენტრისკენ უფრო მუქი ან მურა-მოწითალო. ფირფიტები ხშირი, თხელი, ფეხთან შეზრდილი, თავდაპირველად ღია მოყვითალო ან გოგირდისფერი-მოყვითალო, შემდეგ მოყვითალო-მომწვანო, ზოგჯერ ზეთისხილისფერი ან მოშავო შეფერილობის. ფეხი — 3–10 სმ-მდე სიგრძის და 0.3–1 სმ-მდე სისქის, ფუყე, ბოჭკოვანი ზედაპირით, ზედა ნაწილში ღია ყვითელი აბლაბუდისებრი საყელოს ნარჩენებით. რბილობი — მოთეთრო ან ღია ყვითელი, მწარე გემოთი და არასასიამონვო სუნით. სპორები — ელიფსური, გლუვი, 5–7.5 X 3.5–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ჯგუფებად, გამხმარ და დამპალ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).

გამოყენება

შხამიანი სოკოა (1).

რაჭა — „მაჭკუნარას მაცილობელა მანჭკვალას მსგავსია. არ იჭმება, მაწყინარია“ (3).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  4. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).