

ადგილობრივი სახელწოდება
ვირის ჯიმლა (1).
აღწერა
ქუდი — 2–5 სმ-მდე დიამეტრის. კონუსისებრი ან ზარისებრი, გლუვი, ზოგჯერ ლორწოვანი ზედაპირით, ნარინჯისფერი ან მოწითალო-მონარინჯისფრო, კიდეებისკენ უფრო ღიავდება, დაზიანებისას და მომწიფებისას მუქდება და მოშავო ელფერს იძენს. ფირფიტები თავისუფალი, ღია მოყვითალო ან მომწვანო-მონარინჯისფრო შეფერილობის, დაზიანებისას და სპორების მომწიფებისას მუქდება და მოშავო ელფერს იძენს. ფეხი — 2–10 სმ-მდე სიგრძის და 0.3–1 სმ-მდე სისქის, მყიფე, ასაკში ფუყე, მოყვითალო ან მოყვითალო-მონარინჯისფრო, ძირისკენ უფრო ღიავდება, დაზიანებისას მუქდება და მოშავო ელფერს იძენს. რბილობი — მყიფე, ქუდის შეფერილობისგან არ განსხვავდება, ჰაერზე მუქდება და მოშავო ელფერს იძენს, რაიმე დამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. სპორები — ელიფსური ან წაგრძელებულ-კვერცხისებრი, გლუვი, უფერული, მოთეთრო, ღია კრემისფერი ან ღია მოყვითალო, 7–11 X 4.5–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, მდელოებსა და ტყისპირებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
შხამიან სოკოდ ითვლება (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).