Cantharellus cibarius Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Cantharellus cibarius Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მიქლიო (1), ქათამბარკალა (რჭ.), ქათმიბარკალა (რჭ.), ქათმის ბარკალა (ზემ. იმერ.) (1), მიქლო (იმერ.) (2), მელაკუდა (გურ.) (3), ჭერამულა (კახ.), ჭერამა (კახ.) (4), ქათამბარკალა (თუშ.) (5), ქათმისქონა (სვ.) (6).

აღწერა

ნაყოფსხეული — ძაბრისებრი, 5–12 სმ-მდე სიმაღლის, ქუდი — 4–10 სმ-მდე დიამეტრის, ღია ყვითელიდან კვერცხისგულისფერამდე, ხორცოვანი, მკვრივი, თავიდან ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრ ჩაჭყლეტილი, კიდეები შეკეცილი, ზედაპირი გლუვი, ქუდი პირდაპირ გადადის ეგრეთწოდებულ ფეხში, მათ შორის მკაფიო საზღვარი არ შეინიშნება. ფეხი — 4–7 სმ-მდე სიგრძის და 1–4 სმ-მდე სისქის, მკვრივი, გლუვი, ზემოთ განიერი, ქვემოთ წვრილი, ქუდის ფერი. ჰიმენოფორი — ქუდი ქვემოდან დაფარულია ქუდის ფერი, სქელი, მეჩხერი, ფეხისკენ დაღმავალი, ჩანგლისებურად განშტოებული ძარღვებით. რბილობი — ხორცოვანი, ჯერ მოყვითალო, შემდეგ მოთეთრო, გემო ოდნავ ცხარე, სასიამოვნო სუნით. სპორები — ელიფსური, გლუვი, ცხიმოვანი წვეთებით, მკრთალი ყვითლიდან კრემისფერ თეთრამდე, ზოგჯერ ოდნავ მოვარდისფრო ელფერით, 7–10 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ზაფხულში და შემოდგომაზე, ნიადაგზე, წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ხავსიან და ტენიან ადგილებში, ხშირად ჯგუფურად (7).
გავრცელება — მთელ საქართველოში (7).

გამოყენება — ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა (7), ამ სოკოს ზამთრისთვისაც ინახავენ, მზეზე გამშრალს (5).

წყარო

  1. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  2. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  3. ხუხუნაიშვილი, თ. (2016) ლანჩხუთი.
  4. სიდონაშვილი, ზ. (2015) სოფ. იყალთო, თელავი.
  5. ბაკურაძე, ვ. (2014) სოფ. ომალო, თუშეთი.
  6. გუჯეჯიანი, ჩ. (2014) მესტია.
  7. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).