Cerioporus squamosus (Huds.) Quél.

Cerioporus squamosus  (Huds.) Quél.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Cerioporus squamosus  (Huds.) Quél.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ძერანა, ქორის სოკო (კახ.), მძერა (ლეჩ.) (1), ქორო ზოკო (მთიულ.-გუდამაყრული, ფშ.) (2), ძერიკა (რაჭ.) (3), ძერო (სვან) (4).

აღწერა

ნაყოფსხეული — თავიდან ძაბრისებრი, შემდეგ მარაოსებრი — 40 სმ-მდე, თავდაპირველად ხორცოვანი, ჩალისფერი, ზემოდან დაფარული მოყავისფრო კონცენტრულად განწყობილი ქერცლებით, ქვემოდან ჰიმენოფორი მილნაირია, მილები დაღმავალი, მსხვილი კუთხოვანი ფორებით, თავიდან თეთრი, შემდეგ მოყვითალო. ფეხი — მოკლე, 2–6.5 სმ-მდე სიგრძის და 1–3.5 სმ-მდე სისქის, ძირითადად გვერდული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული, ჩალისფერი, ძირში მურა, ბადისებრი ორნამენტით. რბილობი — თეთრი, თავიდან წვნიანი, ხორცოვანი, შემდეგ მაგარი — კორპისებრი, ფქვილის სუნით. სპორები — წაგრძელებულ-ელიფსური, გლუვი, თეთრი, 10–14 X 4–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება სხვადასხვა ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით წიფელზე. მთელ სავეგეტაციო პერიოდში.
გავრცელება — მთელ საქართველოში (5).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება გამოიყენება ნორჩობაში, ნედლი (6).

რაჭა — „საჭმელად ძირითადად ახლგაზრდას ვიყენებთ, მაგრამ გამაგრებულებს წყალში ვალბობთ, ხორცსაკეპში ვატარებთ და კატლეტებს ვაკეთებთ“ (7), კახეთი — „ქორის სოკო — ხმელსაც ვჭამთ, ოღონდ დიდხანს ვხრაკავთ“ (8).

ქორო ზოკო (მთიულურად, ფშაურად) — „კირცხილი და წიფელი ისხამს, საცა ზადი აქვს ან დამპალია. საჭმელია (კირცხილი არ დაისხამსო ფშავლებმა მითხრეს)“. ქორა ზოკო (ფშაურად) — „ქორაფი ისხამს; დიდრონი მსხვილი სოკოა, ჭამენ ფშავში, თუმცა გემო მაგდენათ არაფერი აქვს“ (2).

წყარო

  1. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  2. შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
  3. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  4. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. ხეების და მცენარეთა სვანური სახელწოდებები. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
  5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  6. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  7. მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
  8. ჯაჯანიძე, მ. (2016) სოფ. ენისელი, ყვარელი.