Bovista nigrescens Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Bovista nigrescens Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

შავი ფშუკუნა (1), კუსკუსელა, დათვის ქაჩქაჩა (მოხ.), ბურნუთა (კახ.), ცუანა სოკო (იმერ.), გუდაფშუკა (გურ.), ძილგუდა, ყოვთ-საცუარა (ფშავ.), ეშმაკის ბურნუთი (ქართ.), გუდაფშუტა (ლეჩ.), ტურაში რსინი, ლურიშგუდა (მეგრ.), მალათუს (სვან.) (2), საცუარაი (თუშ.) (3), კუსკუსელა, კუსუსა (მოხ.), დათვის ქაჩქაჩა, ყოვის საჩუარა (მთიულ.), ყვავთ კუსა (ხევს.), ყვავთ ყველი (თუშ.) (4), მჩუანა, ძილგუდა, ფშოკურა, გუდაფშუტა, (რაჭ.) (5), გველაფშუტა (ზემ. იმერ.) (6), კოკოშოლ, მავლა თუს (სვან.) (7).

აღწერა

ნაყოფსხეული — ბურთისებრი, 2–8 სმ-მდე დიამეტრის, ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. თავდაპირველად მოთეთრო, შემდეგ მოშავო-მურა. თეთრი, აპკისებრი გარეთა გარსით, რომელიც მალევე ქრება. თხელი, გლუვი და მკვრივი შიგნითა გარსით, რომელიც თავდაპირველად მოყვითალო ფერისაა, ხოლო შემდეგ შემდეგ მოშავო-მურა ხდება. შიგთავსი ჯერ თეთრი, შემდეგ მომწვანო-მოჟანგისფრო ან მეწამული-მურა. სპორები — სფეროსებრი ან კვერცხისებრ-ელიფსური, მეწამული-მურა-მოწითალო, უფერული დანამატით, 5–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, უმეტესად მდელოებსა და მინდვრებში, ასევე, ტყისპირებშიც, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (8).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ნორჩი, ვიდრე რბილობი გაუმუქდება (1).

თუშეთი — „საცუარას ცხვარს აყრიან წყრულზე, მოუშრობს“ (3). რაჭა — „ძილგუდა, მცირე ზომის მრგვალი სოკოა, საძოვრებზე იზრდება. მომწიფებული გარედანაც და შიგნიდანაც შავი ფერისაა. გული მტვრისებრია. ჭრილობის მოსაშუშებლად ხმარობენ, ფშოკურა, გუდაფშუტა“ (5). იმერეთი — „სისხლისდენის შესაწყვეტად იყენებენ“ (6). გურია — „გუდაფშუკა სოკოს სახელია. მოჭრილის წამლად ხმარობენ“ (9). სვანეთი — „შემოდგომის თეთრი პატარა სოკოები, ხმობის შემდეგ შიგნით შავი მტვერითაა სავსე“ (7), „მალათუს, ბალახზე ამოდის, თეთრია მერე შავდება, იჭმევა ახალი“ (10), „მალათუსი გარედანაც უნდა აშავდეს, სანამ კვამლი გამოვა ვაგროვებთ, ვინახავთ ზამთრისთვის სისხლდენის შესაჩერებლად და ჩირქის ამოსაყვანად“ (12). ხევი — „კუსკუსელა, ფუთქურა სოკო, კუსკუსელას ბოლოსღა გაუგეთ გემო, თურმე უგემრიელესი ყოფილა“ (11).

შენიშვნა: ადგილობრივი მოსახლეობა გვარ Bovista-ს და Lycoperdon-ის უმეტეს წარმომადგენელს ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს და ერთი და იგივი სახელს უწოდებს.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. ცოცანიძე, გ. (2012) თუშური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.
  4. შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი 12 ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
  5. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  6. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  7. ლიპარტელიანი, ა. (1994) სვანურ-ქართული ლექსიკონი: ჩოლურული კილო. თბილისი.
  8. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  9. ჟღენტი, ს. (1936) გურული კილო: გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი. აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერ. კულტ. ინ-ტი. – ტფილისი: სსრკ მეც. აკად. საქ. ფილ. გა-ბა.
  10. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
  11. ღუდუშაური, ი. (2011) მოხეურ სიტყვათა ლექსიკონი. ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. – თბილისი.
  12. გუჯეჯიანი, ჩ. (2014) მესტია.