Boletus edulis Bull.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Boletus edulis Bull.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

დათვის სოკო, ძირბუკა (1), ბებერა-სოკო (კახ.), ბებრის სოკო (კახ.), კრიანტელი (რაჭ.), დედაბერა (იმერ.), ძირბუკა (ზემ. იმერ.) (2), დათვის ზოკო (თუშ.) (3), დედაბერა (გურ., იმერ., ოკრიბ., ლეჩხ.) (4).

აღწერა

ქუდი — 8–30 სმ-მდე დიამეტრის (ზოგჯერ უფრო დიდებიც გვხვდება). თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ბალიშისებრი, ზოგჯერ უფრო ბრტყელი, ქეჩისებრ-ქერცლოვან ზედაპირზე ზოგჯერ ახასიათებს ნახეთქები. ქუდის ფერი ვარირებს მოთეთროდან მურა-მოყავისფრომდე. ჰიმენოფორი თავდაპირველად მოთეთრო-მოყვითალოა, შემდეგ მომწვანო-წენგოსფერი, წვრილი, მრგვალფორებიანი მილებით. ფეხი — 8–20 სმ-მდე სიგრძის და 3–6 სმ-მდე სისქის, თავდაპირველად მკვრივი და მასიური, კასრისებრი, ღია მოყვითალო-მოთეთრო-მოყავისფრო, ძირისკენ უფრო გასქელებული, მოთეთრო, ზოგჯერ მურა შეფერილობის ბადისებრი ძარღვებით დაფარული ზედაპირით. რბილობი — მკვრივი, თეთრი ან მოთეთრო, ახასიათებს სუსტად გამოხატული რბილი სუნი და გემო. სპორები – ელიფსური ან თითისტარისებრი, მომწვანო-მოყვითალო ან წენგოსფერი, ან მურა-ზეთისხილისფერი, 14–17 X 4–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (5).

გამოყენება

კარგ და ძვირფას საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი, დამუჟუჟებული და დამწნილებული (1).

თუშეთი — „დათვის ზოკოჲ საჭმელი სოკოების სახეობაა. დათვის ზოკო წინავ არა ჭამიან, შხამიანიავ, ახლა დიწყეს ცხვათ ხედულ — სხვათა მიბაძვით“ (3). რაჭა — „კრიანტელი — საუკეთესო სოკოა, ზემოდან მოყვითალო-ყავისფერია, ქვემოდან თეთრი. მსხვილი ფეხი აქვს“ (6).

შენიშვნა: ღრუბლისებური ჰიმენოფორის მქონე სოკოებს თითქმის ყველას დათვის სოკოთი ან ბებერა სოკოთი მოიხსენიებენ.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. ცოცანიძე, გ. (2012) თუშური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.
  4. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  6. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.