ადგილობრივი სახელწოდება
ნიყვი (1), სოკოწითელა (იმერ), სოკოკვერცხა (გურ.) (2), მალქვალა, სოკოწითელა (3), მარქვალიშ (მეგრ.), ფიფი (მეგრ.) (4), მარქვალა (გურ.) (5), ნეყვ (სვან.) (6).
აღწერა
ქუდი — 8–20 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ გაშლილი, მოთეთრო, საკმაოდ დიდი ფიფქებით დაფარული ზედაპირით, მათი გაქრობის შემდეგ გლუვი, მოწითალო-ნარინჯისფერი, დაზოლილი კიდეებით. ფირფიტები მოყვითალო-ოქროსფერი, თავისუფალი, ხშირი, შუაში განიერი, კიდეებთან ზოგჯერ ფოჩისებრი. ფეხი — 8–14 სმ-მდე სიგრძის და 2–4 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, გლუვი, ძირისკენ ბოლქვისებრ გაფართოებულ-გამსხვილებული, გააჩნია საკმაოდ განიერი მოყვითალო საყელო. რბილობი — ხორცოვანი, ქუდის კანქვეშ ღია მოყვითალო ელფერით, ფეხის კანქვეშ კი თეთრი ან მოთეთრო, რაიმე დამახასიათებელი ან განსაკუთრებული სუნის და გემოს გარეშე. სპორები — განიერ-ელიფსური, მურა-მეწამული, 9–13 X 5–10 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, სუბალპურ ტყის პირებში, სუბალპურ მდელოზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — დასავლეთ საქართველოში (7).
გამოყენება
ითვლება კარგ საჭმელ სოკოდ, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
იმერეთი — „ვაგროვებ ნიყვს, ბევრი არაა, თუ ბევრია მაშინ ხახვში და ზეთში ვშუშავ და ზამთრისთვის ვინახავ“ (8), „ მთელ იმერეთში ნიყვი არსად რომ არ იყოს, რცხილათში მაინც იქნება“ (9). რაჭა — „ნიყვი როცა ბევრია, ზამთრისთვის ვახმობთ“ (10). გურია — „ თავიდან მრგვალია, წითელი, მერე ამოდის და იშლება“ (11). ქართლი — „ნიყვი ძალიან იშვიათია ჩვენსკენ, არადა გემრიელია“ (12). კახეთი — „ ნიყვი აქაც იცის , ოღონდ ცოტაა, ეგ სოკოების მეფეა“ (13), „ნიყვი, ძირითადად დასავლეთში არის, მაგრამ აქაც შეგვხვდება რამოდენიმე ადგილას“ (14).
შენიშვნა: ნიყვს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ცნობენ და ითვლება ყველაზე გემრიელ სოკოდ, მას სოკოების მეფედ მოიხსენიებენ.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ორბელიანი, სულხან-საბა (1991) ლექსიკონი ქართული. საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. – თბილისი: მერანი
- ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
- თანდილავა, ა. (2013) ლაზური ლექსიკონი (ლაზური ნენაფუნა). არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტი. – თბილისი: საარი
- ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ტყაბლაძე, ი. (2016) სოფ. ყუმისთავი, წყალტუბო.
- კუპატაძე, ზ. (2016) ჭიათურა.
- მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
- ღლონტი, მ. (2016) ლანჩხუთი.
- მოძღვრისშვილი, გ. (2015) სოფ. საგურამო, მცხეთა.
- ჩადუნელი, ზ. (2015) სოფ. გურგენიანები, ლაგოდეხი.
- ბრეკაშვილი, ლ. (2015) სოფ. ზემო ბოდბე, სიღნაღი.

