Agaricus xanthodermus Genev.

გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Agaricus xanthodermus Genev.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

შხამიანი ქამა (1).

აღწერა

ქუდი — 6–18 სმ-მდე დიამეტრის, ხორცოვანი, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ამობურცული, ზედაპირი გლუვი, თეთრი ან მოთეთრო-მონაცრისფრო, ხელის დაჭერისას ყვითლდება. ფირფიტები თხელი, თავდაპირველად თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ ყავისფერი. ფეხი — 5–15 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ფუყე, თეთრი, ძირისკენ გამსხვილებული, გააჩნია საყელო. რბილობი — მოთეთრო-მონაცრისფრო-მურა, ფეხის ძირთან მოყვითალო, ძირისკენ გამსხვილებულ ფეხის ნაწილში მონარინჯისფრო, დამახასიათებელი ფენოლის არასასიამოვნო სუნით (ე.წ. „აფთიაქის სუნი“). სპორები — ელიფსური, გლუვი, მურა-მეწამული, 4.5–6 X 3–4.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, მინდვრებში, ბაღ-პარკებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — თბილისი (2).

გამოყენება

შხამიანი სოკოა, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას (1).

კახეთი — „მამაჩემი შხამიან ქამას სპეციფიკური სუნით ცნობდა“ (3).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  3. გონაშვილი, ბ. (2016) დედოფლისწყარო.