

ადგილობრივი სახელწოდება
არყა (1), რძიანა-სოკო (კახ.), პაჭიჭა-სოკო (ქართლ., მთიულ.), ვარყა-სოკო (იმერ.), სოკო-იმპილა (გურ.), პირპილა (აჭარ.) (2), არყა (რაჭ.) (3), სოკოპირპილა (მეგრ.) (4), სოკოპილპილაი (გურ.) (5), ვარყა (ჯავ.) (6), არყაი (სვან.) (7).
აღწერა
ქუდი — 6–18 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ზოგჯერ გლუვი, ზოგჯერ კი ოდნავ ხაოიანი ზედაპირით. მოთეთრო, ზოგჯერ მურა ლაქებით. ფირფიტები ხშირი, თხელი, ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, მოთეთრო–მოყვითალო ან ღია კრემისფერი. ფეხი — 3–7 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, თანაბარი, ზოგჯერ ძირისკენ დავიწროვებული, მკვრივი, ქუდის ფერი ან ოდნავ ღია. რბილობი — თეთრი, მკვრივი, მყიფე, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ოდნავ მოყვითალო–მომწვანო შეფერილობას იღებს, ახასიათებს მეტად მწარე გემო. სპორები — თითქმის სფეროსებრი, უფერული, წვრილხორკლიანი ზედაპირით, 5–10 X 5–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეში, უმეტესად წიფლნარში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (8).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება წინასწარი გათუთქვის ან დალბობის შემდეგ, მხოლოდ დამწნილებული (1).
რაჭა — „რძისფერი სოკოა, მიწაზე იზრდება, მწარეა, გავწმენდთ, მარილს მოვაყრით, შევწვავთ და ვჭამთ“ (3), „ზოგჯერ ძალიან ბევრია და ზამთრისთვის ვამწნილებთ“ (10). გურია — „ერთგვარი სოკო; უმი მწარეა, შემწვარი გემრიელი“ (5). აჭარა — „პირპილა უმად პილპილივით მწარეა, შემწვარი ძალზედ გემრიელი“ (9). სვანეთი — „თეთრი სოკოა, თეთრი რძით, მოუხარშავად შხამიანია, მისის სიბევრით საზღვრავენ ძლიერ თოვლიანი იქნება თუ არა ზამთარი“ (7). კახეთი — „ვარყა ძალიან მწარეა, 5-6 გარეცხვა უნდა, მერე ძმარში და ქინძში შეკაზმავ“ (11). იმერეთი — „ვარყა სოკო, აქეთ ყველაზე ბევრი იცის, მართალია მწარეა, მაგრამ გათუთქვის შემდეგ კარგი ხდება, ხშირად ზამთრისთვის ვამწნილებთ“ (12).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
- ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
- შარაშიძე, გ., წერეთელი, ბ., ალავიძე მ. (1938) ქართველურ ენათა ლექსიკა (გურული, ზემოიმერული, ლეჩხუმური). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალი, ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი აკად. ნ. მარის სახელობისა. თბილისი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა.
- ზედგენიძე, გ. (2014) ჯავახური ლექსიკონი. თბილისი: საუნჯე.
- ლიპარტელიანი, ა. (1994) სვანური-ქართული ლექსიკონი: ჩოლურული დიალექტი. თბილისი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
- მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
- ბრეკაშვილი, ლ. (2015) სოფ. ზემო ბოდბე, სიღნაღი.
- მიროტაძე, ი. (2016) ჭიათურა.