ადგილობრივი სახელწოდება
მჭადა (1), მჭადიო, მჭადო, ჭადო (იმერ.), (2), მჭადა (ქიზ.) (3), ჭადო (რაჭ.) (4), მაჭკიდია (მეგ.) (5), სოკომჭადა (გურ.) (6), ჭადა-ჭადაი (გურ.), ჭადობაი (ზ. აჭარ.) (7), ჭადუაი (სვან) (8), გუზ (სვან.) (9).
აღწერა
ქუდი — სქელხორცოვანი, 5–17 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად მრგვლად ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ზოგჯერ გლუვი, ზოგჯერ კი ოდნავ ხაოიანი, ხოლო ნესტიან ამინდში ზოგჯერ წებოვანი ზედაპირით. მოყვითალო-ნარინჯისფერი, ზოგჯერ მკვეთრად გამოხატული მოლურჯო-მომწვანო ელფერით, შედარებით მუქი კონცენტრული ზოლებით და ლაქებით. ფირფიტები ხშირი, თხელი, ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, მონარინჯისფრო-მოყვითალო ან სტაფილოსფერი, შეხებისას ან ხელის დაჭერისას მწვანდება. ფეხი — 4–6 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, თანაბარი, ზოგჯერ ძირისკენ დავიწროვებული, ფუყე, ქუდის ფერი ან ოდნავ ღია. რბილობი — მოთეთრო-მოყვითალო-მონარინჯისფრო, შედარებით მკვრივი, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო-მოყვითალო-მონარინჯისფრო რძისმაგვარ სითხეს, რომელიც რბილობის მსგავსად მონაცრისფრო-მომწვანო შეფერილობას იღებს, ახასიათებს მოტკბო გემო. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, მოთეთრო-მოყვითალო, ხორკლიანი ზედაპირით, 7–9 X 6–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ღია ადგილებში, წიწვოვან ტყეში და ტყის პირებში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (10).
გამოყენება
კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამუჟუჟებული და დამწნილებული (1).
რაჭა — „საჭმელი სოკოა, ქუდიც და ფეხიც ყავისფერი აქვს. გადატეხისას რძისმაგვარ წვენს გამოყოფს. ჭადოს უმადაც ვჭამთ“ (4), „ჭადოს ზამთრისთვისაც ვახმობთ“ (11). გურია — „სოკოა, უმადაც იჭმება“ (6). აჭარა — „სოკოა ერთგვარ, ჭამენ უმად“ (7). სვანეთი — „ წითელი სოკოა, იჭმევა უმი, შემწვარი, მოხარშული“(8). კახეთი — „მჭადა სოკო აგურისფერია, უმადაც მიირთმევენ, ძალიან გემრიელია“ (12). თეთრიწყარო — „მჭადა ადრე უფრო მეტი იყო, ჩემ ბავშვობაში ხის კასრებში ამწნილებდნენ“ (13).
შენიშვნა: ამ სოკოს საქართველოს ყველა რეგიონში აგროვებენ. ერთადერთი სახეობაა, რომელსაც უმადაც მიირთმევენ.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- მენთეშაშვილი, ს. (1943) ქიზიყური ლექსიკონი. ქართველურ ენათა ლექსიკა. თბილისი.
- კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
- ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
- შარაშიძე, გ. (2014) გურული ლექსიკონი. პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან. თბილისი.
- ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
- ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. ხეების და მცენარეთა სვანური სახელწოდებები. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
- თოფურია, ვ., ქალდანი, მ. (2000) სვანური ლექსიკონი. თბილისი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
- ზაალიშვილი, დ. (2015) სოფ. საბუე, ყვარელი.
- ბექაური, თ. (2014) თეთრიწყარო.

