Amanita caesarea (Scop.) Pers.

Amanita caesarea (Scop.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Amanita caesarea (Scop.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ნიყვი (1), სოკოწითელა (იმერ), სოკოკვერცხა (გურ.) (2), მალქვალა, სოკოწითელა (3), მარქვალიშ (მეგრ.), ფიფი (მეგრ.) (4), მარქვალა (გურ.) (5), ნეყვ (სვან.) (6).

აღწერა

ქუდი — 8–20 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ გაშლილი, მოთეთრო, საკმაოდ დიდი ფიფქებით დაფარული ზედაპირით, მათი გაქრობის შემდეგ გლუვი, მოწითალო-ნარინჯისფერი, დაზოლილი კიდეებით. ფირფიტები მოყვითალო-ოქროსფერი, თავისუფალი, ხშირი, შუაში განიერი, კიდეებთან ზოგჯერ ფოჩისებრი. ფეხი — 8–14 სმ-მდე სიგრძის და 2–4 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, გლუვი, ძირისკენ ბოლქვისებრ გაფართოებულ-გამსხვილებული, გააჩნია საკმაოდ განიერი მოყვითალო საყელო. რბილობი — ხორცოვანი, ქუდის კანქვეშ ღია მოყვითალო ელფერით, ფეხის კანქვეშ კი თეთრი ან მოთეთრო, რაიმე დამახასიათებელი ან განსაკუთრებული სუნის და გემოს გარეშე. სპორები — განიერ-ელიფსური, მურა-მეწამული, 9–13 X 5–10 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, სუბალპურ ტყის პირებში, სუბალპურ მდელოზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — დასავლეთ საქართველოში (7).

გამოყენება

ითვლება კარგ საჭმელ სოკოდ, საკვებად გამოიყენება ახალი (1).

იმერეთი — „ვაგროვებ ნიყვს, ბევრი არაა, თუ ბევრია მაშინ ხახვში და ზეთში ვშუშავ და ზამთრისთვის ვინახავ“ (8), „ მთელ იმერეთში ნიყვი არსად რომ არ იყოს, რცხილათში მაინც იქნება“ (9). რაჭა — „ნიყვი როცა ბევრია, ზამთრისთვის ვახმობთ“ (10). გურია — „ თავიდან მრგვალია, წითელი, მერე ამოდის და იშლება“ (11). ქართლი — „ნიყვი ძალიან იშვიათია ჩვენსკენ, არადა გემრიელია“ (12). კახეთი — „ ნიყვი აქაც იცის , ოღონდ ცოტაა, ეგ სოკოების მეფეა“ (13), „ნიყვი, ძირითადად დასავლეთში არის, მაგრამ აქაც შეგვხვდება რამოდენიმე ადგილას“ (14).

შენიშვნა: ნიყვს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ცნობენ და ითვლება ყველაზე გემრიელ სოკოდ, მას სოკოების მეფედ მოიხსენიებენ.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. ორბელიანი, სულხან-საბა (1991) ლექსიკონი ქართული. საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. – თბილისი: მერანი
  4. ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
  5. თანდილავა, ა. (2013) ლაზური ლექსიკონი (ლაზური ნენაფუნა). არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტი. – თბილისი: საარი
  6. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
  7. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  8. ტყაბლაძე, ი. (2016) სოფ. ყუმისთავი, წყალტუბო.
  9. კუპატაძე, ზ. (2016) ჭიათურა.
  10. მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
  11. ღლონტი, მ. (2016) ლანჩხუთი.
  12. მოძღვრისშვილი, გ. (2015) სოფ. საგურამო, მცხეთა.
  13. ჩადუნელი, ზ. (2015) სოფ. გურგენიანები, ლაგოდეხი.
  14. ბრეკაშვილი, ლ. (2015) სოფ. ზემო ბოდბე, სიღნაღი.