ადგილობრივი სახელწოდება
შავჩოხა (1), თაგუნა (რაჭ.) (2).
აღწერა
ქუდი — 4–10 სმ-მდე დიამეტრის, ხორცოვანი, ტალღოვანი კიდეებით, თავდაპირველად ამობურცული, მოგვიანებით თითქმის ბრტყელი, არათანაბარი, შუაში ბორცვაკით, ოდნავ წებოვანი, ჭუჭყისფერ-მონაცრისფრო, მუქი მურა ან თაგვისფერი, ზოგჯერ ზეთისხილიფერ-მოიისფრო ელფერით, შუაში უფრო მუქი, გლუვი ზედაპირით. ფირფიტები კბილით შეზრდილი ან თავისუფალი, მეჩხერი, განიერი, თეთრი ან მკრთალი კრემისფერი, მოგვიანებით მონაცრისფრო-მოჩალისფრო, მკრთალი მოყვითალო ელფერით. ფეხი — 7–14 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, სწორი, ცილინდრული ან ძირში ოდნავ გამსხვილებული, ჯერ მთლიანი, მკვრივი, გლუვი, შემდეგ ფუყე, სიგრძივ-ბოჭკოვანი, თეთრი ან მკრთალი კრემისფერი, ძირში მონაცრისფრო-მოჩალისფრო, მკრთალი მოყვითალო ელფერით. რბილობი — თეთრი ან მოთეთრო-მონაცრისფრო, ჰაერზე ოდნავ მოყვითალო ელფერით, ფეხში ბოჭკოვანი და ფაშარი, ფქვილის სუნით. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, უფერული, 4–6 X 3–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან ტყეში, უმეტესად ფიჭვნარში, შემოდგომით, დიდი რაოდენობით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (3).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
რაჭა — „ძალიან ბევრი იცის შემოდგომით, პირველ ყინვებამდე თოვლშიც კი ვაგროვებთ, ვინახავთ ზამთრისთვის დამარილებულს“ (2). თეთრიწყარო — „მაგას ჩვენ ნაცარას ვეძახთ, კარგი სოკოა“ (4).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- შარაბიძე, დ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ქავთარაძე, თ. (2015) მანგლისი.

