ადგილობრივი სახელწოდება
ქვის ხავსი (გარე კახ.) [1]
მორფოლოგიური აღწერა
თალუსი როზეტისებრი, არასწორად როზეტისებრი,ზოგჯერ გაურკვეველი ფორმის, 10 სმ დიამეტრის, მეტ-ნაკლებად მჭიდროდ მიმაგრებული სუბსტრატზე. ნაკვთები მოკლე და ვიწრო, 1-5 მმ სიგრძის და 0.5-1.5 მმ სიგანის. ზემოთა ზედაპირი მოყავისფრო, მუქი ყავისფერი ან თითქმის შავი, გლუვი, პრიალა (განსაკუთრებით ახალგაზრდა ნაკვთების ბოლოები), ზოგჯერ მქრქალი ადგილებით, სორედიების და იზიდიების გარეშე, მაგრამ ჩვეულებრივ პიკნიდიებით. ქვემოთა ზედაპირი მქრქალი, შავი, ბოლოებისაკენ ყავისფერი და პრიალა, შავი რიცინებით, რომლებიც გვხვდება თალუსის კიდემდე. აპოტეციუმი 6 მმ-მდე დიამეტრის, მოყავისფრო-მოშავო მქრქალი ან ოდნავ პრიალა დისკოთი და სქელი, დაკბილული კიდით. სპორა ელიფსისებრი, 7.5-9.5 X 4.5-6 მკმ.
ჰაბიტატი
სილიკატურ ქანებზე, ქვებზე.
გავრცელება
სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, მესხეთი [3].
ტრადიციული გამოყენება
გარე კახეთი – ,,ქვის ხავსი, მოყავისფრო, ქვებზეა ოღონდ მდინარის პირებზე არ არის, უნდა შეაგროვო ნამიანზე თორე მშრალი იფშვნება, თუჯის ქვაბში ვღებავდი, წყალში ჩავყრიდი ამ მცენარეს, ადუღდებოდა და ჩავყრიდი ძაფის ხიფებს. გამოდიოდა ჟანგისფერი-მოყავისფრო, ფერი არ გადადიოდა. რეცხავდნენ ნაცართვალში. ამას აკეთებდნენ შემდეგნაირად: გაცრიდნენ ნაცარს, დაასხამდნენ წყალს და ადუღებდნენ, შემდეგ დადგავდნენ და ნაცარი მიდიოდა ქვემოთ და ზემოთ რჩებოდა წყალი. აი, ამ წყალში რეცხავდნენ შეღებილს“ [1]. აჭარა – „დიდ ლოდებზე რომ არის ფერად-ფერადი, იმას ვაგროვებდით ბავშვობაში და დავყრიდით ლიპ ქვაზე, მეორე მოგრძო ქვით მოვურევდით, სანამ არ გაიხსნებოდა, ვიყენებდით სახატავად ფურცლებზე, ქვებზე. აბა, სად იყო ფერადი ფანქრები. ვიღებდით ჟანგისფერს, ყავისფერს, თეთრს, გახუნებულ ბალახისფერს. მოწითალო უფრო ქვაზე ზემოდან მზის მხარეს იყო, მწვანე უფრო ჩრდილის მხარეს იზრდებოდა“ [2].
წყაროები
- მგელაშვილი, თ. 2015. სოფ. გომბორი, საგარეჯო. 2. კვიახიძე, ე. 2016. სოფ. რიყეთი, ხულო (ეკომიგრანტი სოფ. ღრმაღელეში, ლანჩხუთი). 3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. 1986. საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
