ადგილობრივი სახელწოდება
მუხისძირა (1).
აღწერა
ქუდი — 3–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, ხორცოვანი, შემდეგ ამობურცული, მომწვანო-მურა, მოყვითალო-მურა ან მურა-მონაცრისფრო. წვრილნასვრეტებიანი ფორებით, თავდაპირველად მომწვანო-მოყვითალო, შემდეგ წითელი, ხელის დაჭერისას ლურჯდება. ფეხი — 5–15 სმ-მდე სიგრძის და 2–5 სმ-მდე სისქის, ძირისკენ უფრო გამსხვილებული, ზოგჯერ ცილინდრული, მოწითალო, მოყვითალო ადგილებით; მოწითალო-მეწამული შეფერილობის მოგრძო ბადისებრი ძარღვებით დაფარული ზედაპირით. რბილობი — მკვრივი, ღია მოყვითალო, ჰაერზე თავდაპირველად ლურჯდება, შემდეგ კვლავ მოყვითალო ხდება. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, მომწვანო-მოყვითალო ან წენგოსფერი-მურა-ზეთისხილისფერი, 9–17 X 5–7 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, უმეტესად მუხნარებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება 15–20 წუთით წამოდუღების შემდეგ (ნადუღი წყალი გადაიღვრება) (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

