Suillus granulatus (L.) Roussel

Suillus granulatus (L.) Roussel
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Suillus granulatus (L.) Roussel
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ხორკლებიანი დუმასოკო (1).

აღწერა

ქუდი — 3–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევრად ბურთისებრი, შემდეგ გაშლილი, დასაწყისში მოწითალო-მოჟანგისფრო, მოყავისფრო-მურა, შემდეგ მოყვითალო-ოხრა, გლუვი, ლორწოვანი ზედაპირით. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებული წვრილი და მომრგვალო ფორების შრით (ჰიმენოფორი), მკრთალი ან ღია ყვითელი, მოგვიანებით ოხრა-ჩალისფერი ან მდოგვისფერ-კრემისფერი, ზოგჯერ მკრთალი მურა-მომწვანო ელფერით. ფეხი — 4–8 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, მთლიანი, ცილინდრული, მკვრივი, საყელოს გარეშე, უმეტესად წვრილხორკლიანი ზედაპირით, თეთრი, მოთეთრო, მოთეთრო-მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი. რბილობი — ხორცოვანი, ელასტიური, ჯერ მოთეთრო, შემდეგ მოყვითალო, ჰაერზე ფერს არ იცვლის, მომჟავო გემოთი და სუსტად გამოხატული ხილის სუნით. სპორები — თითისტარისებრი ან მოგრძო-ელიფსური, გლუვი, მოყვითალო-ჟანგმიწისფერი, მოყვითალო-მოყავისფრო, 8–10 X 3–4 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ფიჭვნარებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, დამუჟუჟებული ან დამწნილებული (1).

ქართლი — „დუმა სოკოსაც ვაგროვებთ ფიჭვნარებში“(3).

შენიშვნა: ამ სოკოს იშვიათად აგროვებენ, ძირითადად ნასწავლი აქვთ რუსებისგან და შესაბამისად ზეთას ან „მასლიატას“ უწოდებენ.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  3. მოძღვრიშვილი, გ. (2015) სოფ. საგურამო, მცხეთა.