ადგილობრივი სახელწოდება
მყრალი ხრაშუნა (1).
აღწერა
ქუდი — 5–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად სფეროსებრი, შემდეგ — გაშლილი, შუაში რამდენადმე ჩაღრმავებული, ღრმად დაღარული კიდეებით, ზოგჯერ ლორწოვანი ზედაპირით, მურა-ჟანგმიწისფერი, კიდეებისკენ უფრო მუქი. ფირფიტები ხშირი, მოთეთრო ან კრემისფერ-ჭუჭყისფერი, გამოყოფს მოყვითალი გამჭვირვალე სითხეს, რომელიც შემდეგ მურა ლაქებს ტოვებს. ფეხი — 4–12 სმ-მდე სიგრძის და 2–3 სმ-მდე სისქის, ცილინდრული ან კასრისებური, მოთეთრო. რბილობი — მეტად მყიფე, თეთრი, ჰაერზე მუქდება, ახასიათებს ცხარე გემო. სპორები — ელიფსური, მსხვილხორკლიანი ზედაპირით, 8–11.5 X 7–9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ დამწნილებული (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
