ადგილობრივი სახელწოდება
ბღავანა (1), ჯღავანა (ოკრ.) (2), კატამჭყავანა (რაჭ.) (3).
აღწერა
ქუდი — 5–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, შუაში რამდენადმე ჩაღრმავებული, ზოგჯერ წებოვანი ზედაპირით, კანი იოლად სცილდება, მოწითალო ან ღია წითელი. ფირფიტები ფეხთან შეზრდილი, თეთრი. ფეხი — 5–8 სმ-მდე სიგრძის და 1–1.5 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო ელფერით. რბილობი — თეთრი, მყიფე, ახასიათებს მეტად მწარე გემო. სპორები — ელიფსური, ხორკლიანი ზედაპირით, 8–11 X 7–8.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ დამწნილებული (1).
რაჭა — „წითელი ფერის სოკა, მაწყინარია, არ იჭმება“(3).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
- კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

