ადგილობრივი სახელწოდება
ხეთამხალი (კალმახა, ტყუბელა, წიფლის სოკო, ხის სოკო) (1), წიფლის-სოკო (გარ. კახ.), ხის სოკო (კახ.), წიფრაშ ტყუბულ (სვან.) (2), კალმახა ზოკო (ფშაურ.) (3), ჭყუბლასოკო (რაჭ.) (4).
აღწერა
ქუდი — 5–18 სმ-მდე დიამეტრის, ნიჟარისებრი, მარაოსებრი ან ენისებრი, თავიდან გლუვი, შემდეგ წვრილქერცლოვანი ზედაპირით, მონაცრისფრო-კრემისფერი-მურა. ფირფიტები დაღმავალი, მოთეთრო, ზოგჯერ მონაცრისფრო ელფერით. ფეხი — 1–4 სმ-მდე სიგრძის და 0.5–2 სმ-მდე სისქის, ექსცენტრული ან გვერდითი, ქეჩისებრი ზედაპირით, მოთეთრო. რბილობი — მოთეთრო, სასიამოვნო სუნით და გემოთი. სპორები — ცილინდრული ან მოგრძო-ელიფსური, გლუვი, მოთეთრო, ღია კრემისფერი ან უფერული, 7–11 X 3–4 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ჯგუფურად, გამხმარ და დამპალ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, განსაკუთრებით თელასა და წიფელზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (5).
გამოყენება
ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი და დამუჟუჟებული (1).
ფშავი — „დამპალმა წიფელმა იცის, ერთად რამოდენიმე ამოვა და სულ შეიხურხლება ხე. რამდენიმე დღეს გაძლებს. არა მგონია ამაზე უგემრიელესი სოკო კიდევ იყოს“(3). თიანეთი — „ზამთრისთვის ვაკონსერვებ ხოლმე“(6). კახეთი — „ერთ პერიოდში, შემოდგომით ბევრი შემოდის და მაშინ ვაგროვებ და ვყინავ ხოლმე“ (7).
შენიშვნა — ამ სოკოს საქართველოს ყველა რეგიონში იყენებენ საკვებად, განსაკუთერებით აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
- კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ტუშური, გ. (2014) სოფ. საყდრიონი, თიანეთი.
- ჩადუნელი, ზ. (2015) სოფ. გურგენიანები, ლაგოდეხი.

