Marasmius oreades (Bolton) Fr.

Marasmius oreades (Bolton) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Marasmius oreades (Bolton) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ჯიმლა (წკრიალა სოკო) (1), ჯიმლოვანა (მთიულ.) (2), ჯიმლაი (მოხეურ.) (3), წრიალა (თუშ.) (4).

აღწერა

ქუდი — 2–5 სმ-მდე დიამეტრის. გლუვი, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი ან კონუსისებრი, შემდეგ ნახევრად გაშლილი, ქოლგისებრი, რამდენადმე ამობურცული, ან თითქმის ბრტყელი, შუაში მოზრდილი მოყავისფრო ბორცვაკით, გლუვი, ნესტიან ამინდში წებოვანი ზედაპირით, კიდეები დაღარული ან დაკბილული, მოყავისფრო-მოყვითალო ან ღია თამბაქოსფერი, ზოგჯერ ოხრა ან ჩალისფერი, მშრალ ამინდში უფრო მკრთალი კრემისფერი. ფირფიტები თავდაპირველად შეზრდილი, შემდეგ თავისუფალი, მეჩხერი, ნესტიან ამინდში ოხრა, მშრალ ამინდში მოთეთრო-კრემისფერი. ფეხი — 4–10 სმ-მდე სიგრძის და 0.2–0.6 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, მთლიანი, მკვრივი, მომწიფებისას უხეშბოჭკოვანი, ძირში ოდნავ გამსხვილებული, ქუდისფერი ზედაპირით. რბილობი — თხელი, მკრთალი ყვითელი ან მოთეთრო, ჰაერზე ფერს არ იცვლის, რბილი მოტკბო გემოთი და ნუშის სუნით. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, უფერული, 7–10 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყისპირებში, საძოვრებზე, მდელოებსა და მინდვრებში, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (5).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი და გამშრალი (1).

ხევი — „სოკოს ერთერთი სახეობაა. ავდრიანობაში ჯიმლამ მწკრივებად იცის ამასვლა. ეს სოკო წვრილი კია, მაგრამ გემრიელია“, „ჯიმლოვანა — სოკოსგულიანი ნამცხვარი“ (3), „ჯიმლა სოკოს ხარშავენ ან წვავენ და ზოგჯერ მას ხაჭაპურის მსგავსად აკეთებენ ამ შემთხვევეაში ცომში ყველის მაგივრად მოთავსებულია ჯიმლა სოკო, რომელსაც ეძახიან ჯიმლოვანას“ (6). თუშეთი — „ძალიან გემრიელი სოკოა, ზამთრისთვის ვინახავთ გამხმარს“ (4).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. ღუდუშაური, ი. (2011) მოხეურ სიტყვათა ლექსიკონი. ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. – თბილისი.
  4. ასაბაშვილი, პ. (2014) სოფ. ომალო, თუშეთი.
  5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  6. ფიცხელაური, გ. (2015) სტეფანწმინდა, ყაზბეგი.