

ადგილობრივი სახელწოდება
ღრუბელა (მელნისძირა, მელანო) (1), ღურბელაა (თუშ.) (2).
აღწერა
ქუდი — 3–8 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ამოზნექილი, ცენტრში ჩაჭყლეტილი, ზოგჯერ ბორცვაკით, შეკეცილი კიდეებით და გლუვი ზედაპირით, ღია მელნისფერი, მურა-მოყავისფრო-მონაცრისფრო ან მოლურჯო-მოიისფრო ელფერით. ფირფიტები ხშირი, თხელი, ფეხთან შეზრდილი, ზოგჯერ ოდნავ დაღმავალი, თავდაპირველად მოლურჯო-მოიისფრო ან ღია მელნისფერი, შემდეგ უფერულდება. ფეხი — 3–6 სმ-მდე სიგრძის და 1–1.5 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, სიგრძივ ბოჭკოვანი, ღია მელნისფერი, მოლურჯო-მოიისფრო-მონაცრისფრო ელფერით. რბილობი — ღია მელნისფერი, მოლურჯო-მოიისფრო-მონაცრისფრო ელფერით, რაიმე დამახასიათებელი სუნის გარეშე. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, ოდნავ ხორკლიანი, უფერული, 5.5–7.5 X 4–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, მდელოებსა და ბაღებში, საძოვრებსა და მინდვრებში, ტყისპირებში, ზოგჯერ ბოსტნებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — არაგვის ხეობა (3).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
თუშეთი — „ღურბელაა ზოკო რუხკანიანი საჭმელი სოკოა, ღურბელა ზოკო იცის, მაგრ ცოტა“ (2), „ღურბელა სოკოს ზამთრისთვისაც ვინახავთ, ვაშრობთ“ (4). თეთრიწყარო — „მელანო აქეთ ბევრი იცის, პატარა ყინვებშიც ნახავ, გემრიელია“ (5).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ცოცანიძე, გ. (2012) თუშური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ბაკურაძე, ვ. (2014) სოფ. ომალო, თუშეთი.
- აფციაური ე. (2014) სოფ. შეხვეტილა, თეთრიწყარო.