ადგილობრივი სახელწოდება
იისფერა (1).
აღწერა
ქუდი — 5–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ბრტყლად ამოზნექილი, ხორცოვანი, გლუვი და პრიალა ზედაპირით, თხელი, ხშირად ტალღოვანი ან ტალღისებურად ამოზნექილი კიდეებით; მუქი იისფერი, შემდეგ შედარებით უფერული. ფირფიტები ხშირი, თხელი, კბილით შეზრდილი ან თითქმის თავისუფალი, იისფერი, შემდეგ შედარებით უფერული, მოყავისფრო ელფერით. ფეხი — 4–9 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, მკვრივი, ცილინდრული, ძირისკენ ოდნავ გამსხვილებული, იშვიათად კვერთხისებური, გლუვი, სიგრძივ-ბოჭკოვანი, ზედა ნაწილში (ქუდის ქვეშ) ბამბისებრი ნაფიფქით, თავდაპირველად მუქი იისფერი, მოგვიანებით მოიისფრო-მონაცრისფრო, მომწიფებისას შედარებით უფრო ღია შეფერილობის. რბილობი — ხორცოვანი, მკვრივი, ღია იისფერი, მოგვიანებით უფრო რბილი, ღია ბეჟი ან ოხრა-კრემისფერი, სუსტად გამოხატული ანისულის დამახასიათებელი სასიამოვნო გემოთი და სუნით. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, ოდნავ ხავერდოვანი, ღია მოვარდისფრო ან უფერული, 6–8 X 4–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — აფხაზეთი, ჯავახეთი, თბილისი (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
შენიშვნა: Lepista nuda-ს და Lepista sordida-ს, ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთისგან თითქმის ვერ ანსხვავებს, ორივეს იყენებს საკვებად.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

