Leccinum scabrum (Bull.) Gray

Leccinum scabrum (Bull.) Gray
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Leccinum scabrum (Bull.) Gray
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

არყისძირა (1), ბებრის-სოკო (კახ.), დედაბერა-სოკო (იმერ.) (2).

აღწერა

ქუდი — 5–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად მრგვლად ამოზნექილი, გლუვი, ხავერდოვანი ან წვრილქეჩისებრი ზედაპირით, მშრალი, ნაირგვარი შეფერილობის, მოთეთრო-კრემისფერი, ჩალისფერი და ღია მდოგვიფერი-ქვიშისფერიდან მონაცრისფრო-მოყავისფრომდე და მურა-მოყვითალო-წაბლისფერამდე, ზოგჯერ თხილისფერი, ზეთისხილისფერი, მოწითალო-მეწამული ან აგურისფერი შეფერილობით. ჰიმენოფორი თავდაპირველად მოთეთრო ან ღია მონაცრისფრო-ქვიშისფერი, შემდეგ მურა-მონაცრისფრო. ფეხი — 6–18 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ხშირად ძირისკენ გამსხვილებული, მონაცრისფრო-მოთეთრო, ზოგჯერ ღია ზეთისხილისფერი ან მდოგვისფერი ელფერით, მუქი, მურა-მოყავისფრო წვრილი ქერცლებით დაფარული ზედაპირით. რბილობი — თეთრი, რბილი, ჰაერზე ზოგჯერ ღია მოვარდისფრო ხდება. სპორები — თითისტარისებრი, მურა-ჟანგისფერი, 12–18 X 4.5–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ძირითადად არყნარში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი და დამუჟუჟებული (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).