ადგილობრივი სახელწოდება
მიწაყარა (წოვანა) (1).
აღწერა
ქუდი — 5–12 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ბრტყელი, შემდეგ — ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ქეჩისებრი, ლორწოვანი ზედაპირით, მოყვითალო-მონარინჯისფრო, უფრო მუქი კონცენტრული რგოლებით, შეხებისას მუქდება. ფირფიტები ფეხის მიმართ დაღმავალი, მოთეთრო-მოყვითალო. ფეხი — 5–10 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ქუდისფერი, უფრო მუქი პატარა ჩაღრმავებებით. რბილობი — მოთეთრო ან კრემისფერი, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო რძისმაგვარ მომწარო სითხეს. სპორები — სფეროსებრი, ხორკლიანი, ღია ჟანგ-მიწისფერი, 6.5–8.5 X 5.5–6.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, უმეტესად მუხნარში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება წინასწარი გათუთქვის შემდეგ, მხოლოდ დამწნილებული (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

