ადგილობრივი სახელწოდება
ჭეჭკეტა (1), მჭადა (კახ.) (2), ჭადუა (ოკრიბ., იმერ., ლეჩხ.,) (3).
აღწერა
ქუდი — 5–20 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამოზნექილი, შემდეგ ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ნაზი ბოჭკოებით დაფარული ზედაპირით, მოყავისფრო-მონარინჯისფრო. ფირფიტები ხშირი, ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, მოთეთრო-მოყვითალო ან ღია კრემისფერი. ფეხი — 6–9 სმ-მდე სიგრძის და 1–2.5 სმ-მდე სისქის, მკვრივი, ხავერდოვანი ზედაპირით, ქუდის ფერი ან უფრო ღია. რბილობი — თეთრი ან მოთეთრო, მკვრივი, მყიფე, ახასიათებს მოტკბო გემო, ჰაერზე მუქდება, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო რძისმაგვარ წებოვან სითხეს. სპორები — სფეროსებრი, ხორკლიანი, უფერული 6.5-9.5 X 5.5-9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეში, იშვიათად წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამწნილებული და დამუჟუჟებული. ზოგან მას მჭადას (ჭადილოს) ეძახიან (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

