Armillaria mellea (Vahl) P. Kumm.

გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Armillaria mellea (Vahl) P. Kumm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მანჭკვალა (1), მაჭკუნარა (რაჭ.), მანჭკვარა, მაჭუნკალა (ლეჩ., ზ. იმერ.), მანჭკორა (გურ.) (2), მაჭკუნარა (რაჭ.) (3), მუნჭკურუა (მეგ.) (4), მანჭკვარაი (სვან.) (5), მანჭკვარაი (სვან.) (6).

აღწერა

ქუდი — 3–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამოზნექილ-ამობურცული, შემდეგ ბრტყლად გაშლილი, ზოგჯერ დამახასიათებელი ბორცვაკით, ღია მოყვითალო-მოთეთრო ან მოყვითალო-მურა ქერცლებით დაფარული ზედაპირით, კანის შეფერილობა ვარირებს მოყავისფრო-თაფლისფერიდან მომწვანო-წენგოსფერამდე. ფირფიტები მოყვითალო-მოთეთრო, შედარებით იშვიათი, დაღმავალი, გადამწიფებისას მუქდება და იძენს მოვარდისფრო-მოყავისფრო ელფერს, ზოგჯერ მურა ლაქებით. ფეხი — 7–14 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, მკვრივი და მთლიანი, ღია მოყვითალო-მოყავისფრო, ძირისკენ უფრო მუქი ელფერით — მურა-ყავისფერამდე, ზოგჯერ ოდნავ გაფართოებული, მაგრამ არა გასქელებული, ბამბისებრი ქერცლებით დაფარული ზედაპირით. რბილობი — მკვრივი, თეთრი ან მოთეთრო, ახასიათებს სასიამოვნო სუნი და გემო. სპორები — განიერ-ელიფსური, უფერული-მოთეთრო, 7–8.5 X 6–7.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ჯგუფურად, როგორც ცოცხალ, ასევე, დამპალ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, ბაღ-პარკებში, ვენახებში, ხშირად გვხვდება კუნძებსა და მორებზე, ასევე, ხექცეულებზე, ხეებისა და ბუჩქების ფესვებზე, უმეტესად ნესტიან ადგილებში, როგორც ზაფხულ-შემოდგომით, ასევე, ზამთარშიც — პირველ ყინვებამდე.
გავრცელება — მთელ საქართველოში (7).

გამოყენება

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ ქუდი — როგორც ახალი, ასევე, გამშრალი და დამუჟუჟებული. აუცილებელია მისი კარგად მოხარშვა, რათა არ გამოიწვიოს მოწამვლა (1).

იმერეთი — „მანჭკვალას ვინახავთ ზამთრისთვის ქილებში დამარილებულს“ (8). კახეთი — „მანჭკვალას ვაგროვებ და ზამთრისთვის ვაწნილებ“(9). ქართლი — „ზამთრისთვის მხოლოდ მანჭკვალას ვინახავთ“ (10). გურია — „მანჭკვალა (მაჭინკორა), ძალიან ბევრია თხილის ძირებში, მორების გადანაჭერზე, ოღონდ ყავს მატყუარა“ (11), „საჭმელი სოკოს სახელია, ზამთრისთვის ინახავენ გამხმარს“ (12). სვანეთი — „მანჭკვალა, ზაფხულში აგროვებენ, ახმობენ და ზამთარში წვნიანს ჭამენ“ (6). რაჭა — „მაჭკუნარა საჭმელი სოკოა. მოვკრიფავთ, გავასუფთავებთ, მზეზე გავახმობთ და ზამთრისთვის ვინახავთ“ (3).

შენიშვნა: მანჭკვალას საქართველოს ყველა რეგიონში აგროვებენ საჭმელად.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  4. ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
  5. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
  6. დონდუა, კარპეზ (2001) რჩეული ნაშრომები. თბილისი: მეცნიერება.
  7. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  8. ტყაბლაძე, ი. (2016) სოფ. ყუმისთავი, წყალტუბო.
  9. სულაშვილი, ნ. (2015) ლაგოდეხი.
  10. ძაგანაშვილი, მ. (2015) სოფ. ზაქარო, მცხეთა.
  11. ხუხუნაიშვილი, თ. (2016) ლანჩხუთი.
  12. ჟღენტი, ს. (1936) გურული კილო : გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი. სსრკ მეცნიერებათა აკადემია საქ. ფილიალი აკად. ნ. მარრის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალურ კულტურის ინსტიტუტი. – ტფილისი : სსრკ მეც. აკად. საქ. ფილ. გა-მა.