ადგილობრივი სახელწოდება
ცადამაყვანა (1), შხამა–სოკო, ჯღავანა–სოკო, წითელი შხამა (ქართლ.) (2), სად მომგლიჯე (3), სადმამწყვიტე (4), საღივარა (თუშ.) (5), გადამრევა (რაჭ.) (6).
აღწერა
ქუდი — 5–20 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ გაშლილი, მოთეთრო ფიფქებით დაფარული წებოვანი ზედაპირით, მუქი წითელი ან მოწითალო-ნარინჯისფერი, დაზოლილი კიდეებით. ფირფიტები მოყვითალო-მოთეთრო, თავისუფალი. ფეხი — 6–16 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ძირისკენ ბოლქვისებრ გაფართოებულ-გამსხვილებული, მოყვითალო ან მოთეთრო. რბილობი — თეთრი, კანქვეშ ღია მოყვითალო ან ღია მონარინჯისფრო ელფერით. სპორები — ელიფსური, გლუვი, უფერული-მოთეთრო, 9–10 X 7–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, როგორც წიწვოვან, ისე ფოთლოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (7).
თუშეთი — „რომელიც კაცს აგიჟებს. საღივარა ზოკო რო შჭამოვ, იციან, სად მომწყვიტევ აძახებიებსავ“ (5). რაჭა — „გადამრევა ქუდიანი სოკოა, ზემოდან წითელი, ქვემოდან თეთრი. არ იჭმება, შხამიანია“ (6), „არსებობს სოკო გარდამრიებ, იტყვიან მის ნაჭამს სოკო, თავის შეგროვების ადგილას მიიყვანსო“ (8).
გამოყენება
შხამიანი სოკოა (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ბაგრატიონი, იოანე (1986) საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი: მეცნიერება.
- ორბელიანი, სულხან-საბა (1991) ლექსიკონი ქართული. საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. – თბილისი: მერანი
- ცოცანიძე, გ. (2012) თუშური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.
- კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.

