ადგილობრივი სახელწოდება
დუმასოკო (1).
აღწერა
ქუდი — 3–14 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, ამობურცული, შემდეგ გაშლილი, თითქმის ბრტყელი, შუაში ბორცვაკით, გლუვი, ლორწოვანი ზედაპირით. ყავისფერი, მუქი ყავისფერი, მოყავისფრო-შოკოლადისფერი, მოყავისფრო-მურა, მოყავისფრო-მურა-მოწითალო, მოყავისფრო-მურა-მოყვითალო, მოყავისფრო-მურა-ზეთისხილისფერი, მოყავისფრო-მურა-წაბლისფერი. ფორების შრე შეზრდილი, ყვითელი, ნორჩობაში თეთრი ან მოთეთრო-რძისფერი აფსკით დაფარული, ფორების შრე ადვილად სცილდება ქუდის რბილობს. ფორები თავიდან მოთეთრო ან მკრთალი ყვითელი, შემდეგ უფრო მუქი, წვრილი და მომრგვალო. ფეხი — 3–9 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, მთლიანი, ცილინდრული, სიგრძივ-ბოჭკოვანი, ახასიათებს მოთეთრო საყელო, ჯერ თეთრი, მოთეთრო, მოთეთრო-მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი, შემდეგ უფრო მუქი, მოყავისფრო-მურა-ჭუჭყისფერი. რბილობი — ხორცოვანი, წვნიანი, მოთეთრო-მოყვითალო, ჰაერზე ფერს არ იცვლის, განსაკუთრებული გემოს გარეშე და სუსტად გამოხატული ხილის სუნით. კანი ადვილად სცილდება რბილობს. სპორები — თითისტარისებრი ან მოგრძო-ელიფსური, გლუვი, მოყვითალო-ჟანგმიწისფერი, უდაბნოს ქვიშისფერი, მდოგვიფერი-მოყავისფრო, 6–10 X 3–3.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ფიჭვნარებში, გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, დამუჟუჟებული ან დამწნილებული (1).
ქართლი — „დუმა სოკოსაც ვაგროვებთ ფიჭვნარებში“(3).
შენიშვნა: ამ სოკოს იშვიათად აგროვებენ, ძირითადად ნასწავლი აქვთ რუსებისგან და შესაბამისად ზეთას ან „მასლიატას“ უწოდებენ.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- მოძღვრიშვილი, გ. (2015) სოფ. საგურამო, მცხეთა.

