Russula cyanoxantha (Schaeff.) Fr.

Russula cyanoxantha (Schaeff.) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Russula cyanoxantha (Schaeff.) Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ღვინიო (1), ღვინუე (ლეჩ.) (2).

აღწერა

ქუდი — 6–12 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგ — გაშლილი, დაღარული კიდეებით. შუაში მომწვანო-მონაცრისფრო ან მურა, კიდეებისკენ მონაცრისფრო-მოიისფრო-მოწითალო ელფერით. ფირფიტები ხშირი, ფართო, მოთეთრო ან ღია კრემისფერი. ფეხი — 5–10 სმ-მდე სიგრძის და 1–3 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, გლუვი, მოთეთრო, ზოგჯერ ღია იისფერი ელფერით. რბილობი — მკვრივი, მოთეთრო, ფეხში ბამბისებრი კონსისტენციის. სპორები — ელიფსური, ხორკლიანი ზედაპირით, 6.5–9 X 5.5–7 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამწნილებული და გამშრალი (1).

იმერეთი — „მტრედიოს, ხახვილოს, ღვინიოს და წითლიოს, ერთად ვაგროვებთ და ერთად ვხრაკავთ ზეთში“ (4).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. ცარციძე, ნ. (2016) სოფ. სარეკი, საჩხერე.