Russula aeruginea Lindblad ex Fr.

Russula aeruginea Lindblad ex Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Russula aeruginea Lindblad ex Fr.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მტრედიო (1), ტრედო, ხრაშუნა (რაჭ.) (2), ტრედა, ხრაშუნა (გურ.) (3).

აღწერა

ქუდი — 5–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად მრგვლად ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, გლუვი, ზოგჯერ წებოვანი ზედაპირით, დაღარული კიდეებით. ღია მომწვანო-მონაცრისფრო ელფერით. ფირფიტები თითქმის თავისუფალი, მოთეთრო. ფეხი — 4–7 სმ-მდე სიგრძის და 2–3 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, მოთეთრო. რბილობი — მკვრივი, თავიდან მოთეთრო, შემდეგ უფრო მოყვითალო, მოტკბო გემოთი. სპორები — ელიფსური, ხორკლიანი ზედაპირით, 6–9 X 5–7 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყეში, უმეტესად წიფლნარში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (4).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამწნილებული (1).

რაჭა — „არყას მსგავსი სოკოა ერთგვარი, მტრედიო. ხრაშუნა ყველაზე უფრო უწყინარი სოკო არი. ბოშიანი ქალებიც ქვე ჭამენ“ (2). იმერეთი — „მტრედიოს, ხახვილოს, ღვინიოს და წითლიოს, ერთად ვაგროვებთ და ერთად ვხრაკავთ ზეთში“ (5).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  3. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  4. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  5. ცარციძე, ნ. (2016) სოფ. სარეკი, საჩხერე.