ადგილობრივი სახელწოდება
მარტიო (1).
აღწერა
ქუდი — 1–5 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ოდნავ ქერცლოვანი ან ხაოიანი ზედაპირით, მოწითალო-მოვარდისფრო-ხორცისფერი, მოგვიანებით უფერულდება. ფირფიტები შეზრდილი, მეჩხერი, ოდნავ დაღმავალი, სქელი და განიერი, ცვილისებრი, მოთეთრო ფქვილისებრი ნაფიფქით. ფეხი — 3–10 სმ-მდე სიგრძის და 0.3–1 სმ-მდე სისქის, თანაბარი, თხელი, ზედა ნაწილში ქუდისფერი, ძირისკენ მოთეთრო ფქვილისებრი ნაფიფქით. რბილობი — თხელი, ქუდისფერი. სპორები — სფეროსებრი, უფერული, ხორკლიანი ზედაპირით, 7 X 10 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ნესტიან ადგილებში, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
შენიშვნა: გვხვდება მარტიოს იისფერი ფორმაც (var. amethystina), რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი განიხილავს როგორც დამოუკიდებელ სახეობას. იზრდება იმავე ადგილებში.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

