Kuehneromyces mutabilis (Schaeff.) Singer & A.H. Sm.

Kuehneromyces mutabilis (Schaeff.) Singer & A.H. Sm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Kuehneromyces mutabilis (Schaeff.) Singer & A.H. Sm.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

ზაფხულის მანჭკვალა (1).

აღწერა

ქუდი — 3–6 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ბრტყელი, შუაში ბორცვაკით, ოდნავ ქერცლოვანი ზედაპირით, მოყვითალო-თაფლისფერი, კიდეებისკენ უფრო მუქი, შუაში უფრო ღია ფერის. ფირფიტები შეზრდილი, შედარებით ხშირი, ოდნავ დაღმავალი, თავდაპირველად ღია ხორცისფერი ან ღია თითბერისფერი, ღია ბეჟი ან მოჩალისფრო, შემდეგ უფრო მუქი შეფერილობის. ფეხი — 4–9 სმ-მდე სიგრძის და 0.4–1.4 სმ-მდე სისქის, მკვრივი, ზედა ნაწილში ქუდის შეფერილობაზე უფრო ღია ფერის, ახასიათებს ქუდისფერი საყელო, რომლის ქვემოთ ზედაპირი უფრო მუქი, მურა-მოყავისფრო, თახვის ფერი ქერცლით ეფარება, ძირისკენ ოდნავ შევიწროვებული. რბილობი — თხელი, მოთეთრო-მოყვითალო ან მკრთალი ყვითელი. სპორები — ელიფსურ-კვერცხისებრი, მოჟანგისფრო-მოყავისფრო-ოხრა, 6–7.5 X 3.5–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ჯგუფებად, გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებსა და ჩამოცვენილ ტოტებზე, იშვიათად წიწვოვანზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).

გამოყენება

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, მარინადის სახით (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).