Coprinus comatus (O.F. Müll.) Pers.

Coprinus comatus (O.F. Müll.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Coprinus comatus (O.F. Müll.) Pers.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მერცხალა სოკო (გველის სოკო) (1), გველისოკო (გარ. კახ.) (2), გველის ზოკო (მთიუ.) (3), გველისოკო (რაჭ.) (4).

აღწერა

ქუდი — 4–14 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ცილინდრული, კვერცხისებური ან წაგრძელებულ-ოვალური, შემდეგ რამდენადმე გაშლილი, ვიწრო-ზარისებრი. თეთრი, მოთეთრო, მოთეთრო-მონაცრისფრო ან მონაცრისფრო-მოყავისფრო, ცენტრში ყავისფერი ბორცვაკით. ხშირი, ბოჭკოვანი, ოდნავ მაღლა აწეული ქერცლებით დაფარული ზედაპირით. ფირფიტები თავისუფალი, განიერი, თავიდან თეთრი ან მოთეთრო, შემდეგ მოვარდისფრო, მომწიფებული შავია, რის შემდეგ ეწყება ერთგვარი ლღვობის პროცესი და გარდაიქმნება შავი ფერის თხევად მასად. ფეხი — 5–15 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ფუყე, ცენტრალური, ცილინდრული, ძირში ბოლქვისებრ გამსხვილებული. ახასიათებს ფეხის მიმართ მოძრავი მოთეთრო საყელო. რბილობი — თხელი, მოთეთრო. სპორები — ელიფსური, გლუვი, შავი, 8.5–12.5 X 6.5–9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ბაღებსა და ბოსტნებში, საძოვრებსა და მინდვრებში, ორგანული სასუქით გამდიდრებულ ადგილებზე, წელიწადის ნებისმიერ დროს.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (5).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ ახალი (1).

მთიულეთი — „შავნაი გული აქვს, წვრილი ყუნწი აქვის, მოთეთრო ზურგი. არ ვჭამთ“ (3), რაჭა — „შხამიანი სოკოა, შავი გული აქვს“ (4).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
  4. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  5. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).