ადგილობრივი სახელწოდება
სილიო (მელნის სოკო) (1), სილის სოკო, მერცხალა-სოკო (იმერ., გურ.) (2), სილისოკო (რაჭ.) (3), ქვიშანწყური (მეგ.) (4).
აღწერა
ქუდი — 6–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად კვერცხისებრი ამობურცული, შემდეგ ზარისებრი, ცენტრისკენ მურა ქერცლებით. მონაცრისფრო-მოყავისფრო, ცენტრისკენ უფრო მუქი შეფერილობის. ფირფიტები თავისუფალი, ფართო, თავიდან თეთრი ან მოთეთრო, შემდეგ მოწითალო, მომწიფებული შავია, რის შემდეგ ეწყება ერთგვარი ლღვობის პროცესი და გარდაიქმნება შავი ფერის თხევად მასად. ფეხი — 8–18 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ზოგჯერ თითისტარისებრი, ცენტრალური, გლუვი და ფუყე, მოთეთრო, ძირისკენ უფრო მურა, ახასიათებს საყელოსმაგვარი მოთეთრო რგოლი, რომლის გაქრობისას რჩება ერთგვარი ნაჭდევი. რბილობი — თხელი, მოთეთრო, ღია ფერის, მალევე მუქდება, დამახასიათებელი სუნის გარეშე. სპორები — ელიფსური, გლუვი, შავი, 6–10 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, საძოვრებსა და მინდვრებში, დამპალ ხეებსა და ხექცეულებზე, ასევე, მათ ახლოს, მიმდებარე ტერიტორიაზე, წელიწადის ნებისმიერ დროს.
გავრცელება — მთელ საქართველოში (5).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ ახალი (1).
რაჭა — „საჭმელი სოკოა, სილნარზე მოდის, სილიო“ (3). კახეთი — „სილის სოკოს სილიანი ადგილები უყვარს, ძალიან გემრიელია“ (6).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
- ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ბრეკაშვილი, ლ. (2015) სოფ. ზემო ბოდბე, სიღნაღი.

