Agaricus arvensis Schaeff.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Agaricus arvensis Schaeff.
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მინდვრის ქამა (1), ნეხვის სოკო (2), ქამარა სოკო (ჯავ.) (3).

აღწერა

ქუდი — სქელხორცოვანი, 8–20 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად მრგვლად ამობურცული, შემდეგ ბრტყელი, გლუვი ზედაპირით. მოთეთრო-კრემისფერი, ზრდასთან ერთად ღია მოყავისფრო-მოყვითალო ფერის. შეხებისას ყვითლდება. ფირფიტები ხშირი, ამობურცული, კიდისკენ უფრო განიერი, ფეხთან თავისუფალი, 7–13 სმ-მდე სიგანის, თავდაპირველად თეთრი, მოთეთრო-მორუხო, მოთეთრო–მონაცრისფრო, მოგვიანებით მონაცრისფრო-რუხი, მურა-წაბლისფერი, შემდეგ მდოგვისფერი, მურა-წაბლისფერი, წაბლისფერ-მეწამული, მოიისფრო-რუხი, მოიისფრო-მოწაბლისფრო, მურა-შოკოლადისფერი ან თითქმის შავი. ფეხი — 5–10 სმ-მდე სიგრძის და 1.5–3 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, გლუვი, ძირისკენ გაფართოებულ-გამსხვილებული. ქუდთან ახლოს, ფეხის ზედა მესამედთან გააჩნია განიერი და საკმაოდ მოზრდილი ორშრიანი მორუხო-მოთეთრო შეფერილობის საყელო. რბილობი — მოთეთრო-მოყვითალო, ახასიათებს მოტკბო გემო. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, მოყავისფრო-მურა-მეწამული, გლუვი ზედაპირით, 7–9 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ღია ადგილებში, მდელოზე, ტყის პირებში, საძოვრებზე, ბაღ-პარკებში, განსაკუთრებით ნაკელიან ნიადაგზე, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (3).

გამოყენება

სოკო საჭმელია, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამუჟუჟებული (1).

თიანეთი — „მინდორზე იშვიათად ვაგროვებთ ქამა სოკოს, იმიტომ რომ ცოტაა“ (5). კახეთი — „შემოდგომით იცის ბევრი მინდორში ქამა და მაშინ ვაგროვებთ“ (6). თეთრიწყარო — „ქამას მხოლოდ მინდორში ვაგროვებთ, ტყეში არა, ძალიან გემრიელია“ (7). მანგლისი — „თუ ბევრი ქამა მოვიდა, მაშინ ზამთრისთვისაც ვახმობ“ (8). მცხეთა — „ქამა განსაკუთრებით ბევრი ნაკელიან ადგილებში, მინდორში იცის“ (9).

შენიშვნა: ქამა სოკოს საქართველოს ყველა რეგიონში ცნობენ და აგროვებენ საჭმელად, ითვლება ერთერთ ყველაზე გემრიელ სოკოდ. მინდვრის ქამას და მდელოს ქამას, ორივეს ერთი სახელწოდებით — ქამათი მოიხსენიებენ და ერთმანეთისგან თითქმის ვერ ანსხვავებენ.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ორბელიანი, სულხან-საბა (1991) ლექსიკონი ქართული. საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. – თბილისი: მერანი.
  3. ზედგენიძე, გ. (2014) ჯავახური ლექსიკონი. თბილისი: საუნჯე.
  4. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  5. ხოსიაური ვ. (2014) სოფ. ჩეკურაანთგორი, თიანეთი.
  6. წიგნაძე-ბრეკაშვილი, ლ. (2015) ზემო ბოდბე, სიღნაღი.
  7. ჯანიაშვილი ლ. (2014) სოფ. პანტიანი, თეთრიწყარო.
  8. აფციაური ე. (2014) სოფ. შეხვეტილა, თეთრიწყარო.
  9. ყველაშვილი გ. (2014) სოფ. გალავანი, მცხეთა.