ადგილობრივი სახელწოდება
მდელოს ქამა (1), ქამა-სოკო, ქამა (იმერ.), მინდვრის სოკო (გურ.), მარქვალი (აჭ.) (2), ნეხვის სოკო (3), ქამარა სოკო (ჯავ.) (4).
აღწერა
ქუდი — 5–12 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, გაშლის შემდეგ ბრტყლად ამოზნექილი, მურა ქერცლებით დაფარული ზედაპირით, მოთეთრო-კრემისფერი. ფირფიტები თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მოვარდისფრო, შემდეგ მოყავისფრო-მურა-წაბლისფერი, მოიისფრო-მეწამული ელფერით. ფეხი — 3–10 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, სწორი, უმეტესად თანაბარი სისქის, იშვიათად ძირისკენ რამდენადმე გაფართოებულ-გამსხვილებული, მოთეთრო-კრემისფერი, ზოგჯერ მოყვითალო ელფერით, ფეხის შუა ხაზის დონეზე გააჩნია განიერი, თეთრი ან მოთეთრო შეფერილობის საყელო. რბილობი — თეთრი, გადატეხვისას, ჰაერზე მოწითალო-მოვარდისფრო ხდება. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, მურა-მეწამული, 5–9 X 4–6.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, მდელოზე, მინდორში, საძოვრებზე, ბაღ-პარკებში, განსაკუთრებით ნაკელიან ნიადაგზე, ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ზოგჯერ ქმნის წრეებს „ქაჯის წრეს“.
გავრცელება — მთელ საქართველოში (5).
გამოყენება
კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
ყაზბეგი — „ ქამას ვაგროვებ მდელოზე, ზოლებად ან წრეებზე იზრდება“ (6). კახეთი — „ქამას — „ჩამადან გორას“ ეძახიან, რაიონის შემოსასვლთან…, მიმდებარე ტერიტორიაზე ვაგროვებ, დიდი ველებია და მანდ ვკრეფავთ ხოლმე, დაკრეფისას ძირიანად არ უნდა ამოიღო რომ შემდეგ კიდევ ამოვიდეს“ (7). მესტია — „ჩემ ბავშვობაში დედა აგროვებდა მდელოზე ქამას, სვანურ მარილთან ერთად დაკეპავდა და კუბდარს გულად უკეთებდა“ (8).
შენიშვნა: ქამა სოკოს საქართველოს ყველა რეგიონში ცნობენ და აგროვებენ საჭმელად, ითვლება ერთერთ ყველაზე გემრიელ სოკოდ. მინდვრის ქამას და მდელოს ქამას, ორივეს ერთი სახელწოდებით — ქამათი მოიხსენიებენ და ერთმანეთისგან თითქმის ვერ ანსხვავებენ.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ორბელიანი, სულხან-საბა (1991) ლექსიკონი ქართული. საქ. მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. – თბილისი: მერანი.
- ზედგენიძე, გ. (2014) ჯავახური ლექსიკონი. თბილისი: საუნჯე.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ნაროზაული შ. (2015) სოფ. არშა, ყაზბეგი.
- გონაშვილი, ბ. (2016) დედოფლისწყარო.
- გუჯეჯიანი ჩ. (2014) მესტია.

