

ადგილობრივი სახელწოდება
ნაბადა (1), ნაბადა-სოკო (2), ნაბადამი (მეგ.) (3).
აღწერა
ქუდი — 5–15 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ გაშლილი, ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ქეჩისებრი, ზოგჯერ ოდნავ ლორწოვანი ზედაპირით, შეკეცილი კიდეებით, მკრთალი ვარდისფერი, უფრო მუქი კონცენტრული რგოლებით, შეხებისას მუქდება. ფირფიტები ხშირი, ფეხის მიმართ დაღმავალი, მოთეთრო, ღია კრემისფერი ან ღია მოვარდისფრო. ფეხი — 4–6 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, გარედან მაგარი და მკვრივი, შიგნიდან თავიდან მთლიანი, შემდეგ უმეტესად ფუყე, ქუდის ფერი ან ოდნავ ღია, ზოგჯერ პატარა ჩაღრმავებებით. რბილობი — თეთრი, მაგარი და მკვრივი, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე ფერს არ იცვლის, ახასიათებს მეტად მწარე გემო. სპორები — ელიფსური, ხორკლიანი, 8–9 X 5–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, უმეტესად არყნარში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — სვანეთი, ხევსურეთი (4).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება წინასწარი გათუთქვის შემდეგ, მხოლოდ დამწნილებული (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
- ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).