

ადგილობრივი სახელწოდება
ყვითელი პაჭიჭა (1).
აღწერა
ქუდი — 8–22 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად მრგვლად ამობურცული, შემდეგ გაშლილი, ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ზოგჯერ გლუვი, ზოგჯერ კი ხაოიანი ან ქეჩოვან-ბუსუსებიანი, ზოგჯერ ლორწოვანი ან წებოვანი ზედაპირით, ჭუჭყიანი მოყვითალო, ზოგჯერ მურა ლაქებით. ფირფიტები ხშირი, ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, მოთეთრო-მოყვითალო ან ღია კრემისფერი, დროთა განმავლობაში მურა-მოწითალო ლაქებით იფარება. ფეხი — 4–6 სმ-მდე სიგრძის და 2–4 სმ-მდე სისქის, გარედან მაგარი და წებოვანი, შიგნიდან უმეტესად ფუყე, მოთეთრო–მოყვითალო ან ოდნავ ღია, მურა–ყვითელი ან მოჟანგისფრო ჩაღრმავებებით. რბილობი — თეთრი, მკვრივი, მყიფე, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ოდნავ მოყვითალო–მონაცრისფრო შეფერილობას იღებს, ახასიათებს მეტად მწარე გემო. სპორები — ელიფსური, 7–8 X 6–7 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, წიწვოვან და შერეულ ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება წინასწარი გათუთქვის ან დალბობის შემდეგ, მხოლოდ დამწნილებული (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).