ადგილობრივი სახელწოდება
მარწყვიო (1).
აღწერა
ქუდი — 4–16 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი ან კვერცხისებრი, შემდეგ ბრტყლად ამოზნექილ-ამობურცული, მოყვითალო-მოთეთრო ფიფქებით დაფარული ზედაპირით, მოვარდისფრო-ჭუჭყისფერი. ფირფიტები მოთეთრო, ხშირი, განიერი, თავისუფალი, შეხებისას წითლდება. ფეხი — 5–15 სმ-მდე სიგრძის და 1–4 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, თავდაპირველად მკვრივი და მთლიანი, შემდეგ ფუყე, ძირისკენ ბოლქვისებრ გაფართოებულ-გამსხვილებული, მოვარდისფრო-მოთეთრო, ბორცვებიან-ხორკლებიან-ქერცლოვანი ზედაპირით. რბილობი — ხორცოვანი ან თხელხორცოვანი, თეთრი ან მოთეთრო, სუსტად გამოხატული სუნით და გემოთი, გადატეხვისას ჰაერზე ფერს იცვლის ღია მოვარდისფროდან ღვინისფერ-მოვარდისფრომდე. სპორები — ელიფსური, ამილოიდური, უფერული-მოთეთრო, 6–10.5 X 4–6.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი, წინასწარ უნდა გაითუთქოს 15-20 წუთის განმავლობაში (1).
იმერეთი — „მარწყვიოს ან ცალკე ვხრაკავთ, თუ ცოტაა მაშინ ხრაშუნა სოკოებთან ერთად“ (3).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ცარციძე, ნ. (2016) სოფ. ჩაშორა, საჩხერე.

