Leccinellum griseum (Quél.) Bresinsky & Manfr. Binder

Leccinellum griseum (Quél.) Bresinsky & Manfr. Binder
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Leccinellum griseum (Quél.) Bresinsky & Manfr. Binder
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

რცხილისძირა (1).

აღწერა

ქუდი — 4–14 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად მრგვლად ამობურცული, დაჭმუჭნული, ხავერდოვანი ზედაპირით, შემდეგ ბალიშისებრი, დახეთქილი ზედაპირით, მონაცრისფრო-მოყავისფრო, ზოგჯერ თხილისფერიდან ზეთისხილისფრამდე. ჰიმენიალური შრე თავისუფალი, მილები ვიწრო, რბილი, ოდნავ წყალწყალა, ფორები ძალიან წვრილი, მომრგვალო-კუთხოვანი, თავდაპირველად მოთეთრო ან მონაცრისფრო-ქვიშისფერი, შემდეგ მურა-მონაცრისფრო, ზოგჯერ ღია ზეთისხილისფერი ან მდოგვისფერი ელფერით. ფეხი — 5–12 სმ-მდე სიგრძის და 2–4 სმ-მდე სისქის, ცილინდრული ან ძირისკენ თითისტარისებრ გამსხვილებული, მონაცრისფრო-მოთეთრო, ზოგჯერ ღია ზეთისხილისფერი ან მდოგვისფერი ელფერით, მუქი, მურა-მოყავისფრო წვრილი ქერცლებით დაფარული ზედაპირით. რბილობი — თეთრი, რბილი, ჰაერზე მოიისფრო-მოლურჯო ხდება, შემდეგ უფრო მუქდება და შავდება. სპორები — თითისტარისებრი, მოყვითალო, 9–13 X 4–6 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეში, უმეტესად რცხილნარში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი და დამუჟუჟებული (1).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).