Calvatia gigantea (Batsch) Lloyd

Calvatia gigantea (Batsch) Lloyd
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Calvatia gigantea (Batsch) Lloyd
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

გიგანტური ფშუკუნა (1), ფურფაშაი (თუშ.) (2), ბატკანა (კახ.) (3).

აღწერა

ნაყოფსხეული — სფეროსებრი, იშვიათად კვერცხისებრი, 50 სმ-მდე და ზოგჯერ მეტი დიამეტრის. მისი წონა ზოგჯერ 15 კგ-მდე აღწევს. ზედაპირი თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მოყვითალო-მურა. გარსი სკდება არაწესიერი ფორმის ნაწილებად, სცილდება შიგნითა რბილობს და აშიშვლებს მას. რბილობი — ბამბისებრი, თავდაპირველად თეთრი, შემდეგ მოყვითალო-მომწვანო, შემდეგ კი მოყავისფრო-ზეთისხილისფერი ხდება. სპორები — სფეროსებრი, ოდნავ ხორკლიანი ან თითქმის გლუვი, მოყვითალო-მოყავისფრო, 3–5.5 X 3–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, უმეტესად მაღალმთიან და სუბალპურ მდელოებსა და მინდვრებში, ასევე, ტყისპირებშიც, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში, იშვიათად (3).

გამოყენება

საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ ნორჩი, ვიდრე რბილობი თეთრია (1).

თუშეთი — „ ფურფაშა ქვებივით ყრია ხოლმე მდელოზე, ძალიან დიდებია, გემრიელი სოკოა“ (2), „ფურფაშაი მთის სოკოა, ძალიან დიდი იზრდება. ფურფაშა ხან საკედისოდ (თუჯის ქვაბი, ღომის ქვაბი) სწორიც იზარდებ“ (2). კახეთი — „დიდი თეთრი სოკოებია, ბატკანას ეძახიან, გეგონება ქვები ყრიაო შორიდან რომ დაინახავ“ (4), „ვედროზე დიდ თავს იკეთებს – მაგას ვეძახით ბატკანას, ძირითადად მწყემსები აგროვებენ“ (4).

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. ცოცანიძე, გ. (2012) თუშური ლექსიკონი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა.
  3. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  4. გონაშვილი, ბ. (2016) დედოფლისწყარო.