ადგილობრივი სახელწოდება
მაჩალო (1).
აღწერა
ქუდი — 4–10 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრი, მოთეთრო, მკრთალი მონაცრისფრო-კრემისფერი-მურა. ფირფიტები დაღმავალი, მოთეთრო-კრემისფერი. ფეხი — 2–5 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ექსცენტრული ან ცენტრალური, ძირისკენ ქეჩისებრი ზედაპირით, მოთეთრო. რბილობი — მოთეთრო, ფქვილის სუნით. სპორები — ცილინდრული ან მოგრძო-ელიფსური, მოთეთრო, ღია კრემისფერი ან უფერული, 8–11 X 3.5–5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება ახალი (1).
თიანეთი — „მაჩალო ხეთამხალს გავს ოღონდ, მაჩალო გაზაფხულზეა და მოთეთრო ფერისაა“(3). კახეთი — „მაჩალო გაზაფხულზეა, გვალვის დროს მაჩალო არ არის“ (4).
შენიშვნა:მაჩალოს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში იყენებენ საკვებად.
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- მამადაშვილი, თ. (2014) თიანეთი.
- ბაწილაშვილი, ბ. (2015) ყვარელი.

