Macrolepiota excoriata (Schaeff.) Wasser

Macrolepiota excoriata (Schaeff.) Wasser
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Macrolepiota excoriata (Schaeff.) Wasser
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

თეთრი წეროსწვივა (1), მგზავრიო, წერეწო, წერესტო (ზემ. იმერ.), ყაჩამაღალა, კანჭმაღალა (ლეჩხ.), წერესტო, წოროფსუა (ოკრ.), წოროსწივი, წვივოსწვივა (აჭარ.) (2), წეროს წვივა, წერა-წუა (ფშაურ.) (3), წეროშ ბოკო (მეგრ.) (4), წორასწო (ქიზ.) (5), ვიჯი ქორგოლ (სვან.) (6).

აღწერა

ქუდი — 5–12 სმ-მდე დიამეტრის. სქელხორცოვანი, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი ან მოგრძო-კვერცხისებრი, ამობურცული, შემდეგ ქოლგისებრი, გაშლილი ან თითქმის ბრტყელი, შუაში მოზრდილი მოყავისფრო ბორცვაკით, ზედაპირი ცენტრში მურა და გლუვი, ხოლო დანარჩენ ნაწილებში წვრილქერცლოვანი, მოთეთრო ან კრემისფერი. კიდეებზე ბამბისებრი თეთრი ბოჭკოებით. ფირფიტები თავისუფალი, ხშირი, თანაბარი კიდეებით, ადვილად სცილდება ქუდს, თეთრი ან მოთეთრო, მომწიფებისას კრემისფერი ან ოდნავ მუქი. ფეხი — 6–12 სმ-მდე სიგრძის და 0.6–1.2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, ფუყე, ძირში ბოლქვისებრ გამსხვილებული, ზოგჯერ გაღუნული, ახასიათებს მოთეთრო საყელო, საყელოს ზემოთ მოთეთრო და გლუვი ზედაპირით, საყელოს ქვემოთ წვრილქერცლოვანი, ღია ხორცისფერი ან ღია ბეჟი, ღია მოჩალისფრო, ღია უდაბნოს ქვიშისფერი ან ღია ოხრა-კრემისფერი. რბილობი — თეთრი, ჰაერზე ფერს არ იცვლის, ზოგჯერ ოდნავ მომწკლარტო გემოთი და სასიამოვნო სუნით. ფეხზე სიგრძივ-ბოჭკოვანი. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, უფერული, 12–15 X 8–9 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ტყისპირებში, მდელოზე, საძოვრებზე, პარკებსა და ბაღებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (7).

გამოყენება

საჭმელი სოკოა, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ასევე, გამშრალი (1).

ფშავი — „შემოდგომის ავდრიან ამინდზე იცის ამოსვლა ყამირზე, სადაც სასუქია ბელტში ჩამკვდარიო“ (3). იმერეთი — „აუცილებლად გზის პირს ამოდის“ (5). სვანეთი — „მიწაზე ამოდის, ქოლგის მსგავსია, საჭმელია“ (6). თუშეთი — „წროსწვივას ვაგროვებთ, გემრიელია“ (8). კახეთი — „წერეწო არის ძალიან გემრიელი თეთრი და ჭრელი წინწკლებით“ (9).

შენიშვნა: ამ სოკოს სქართველოს ყველა რეგიონში აგროვებენ, მხოლოდ Macrolepiota-ს ყველა სახეობას ერთი სახელით მოიხსენიებენ და ყველას საკვებად იყენებენ.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. შანიძე, ა. (1984) ქართული კილოები მთაში. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი I. საქ. სსრ მეცნ. აკად., თბილისის სახ. უნ-ტი. – თბილისი: მეცნიერება.
  4. ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
  5. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  6. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. ხეების და მცენარეთა სვანური სახელწოდებები. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
  7. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  8. ასაბაშვილი, პ. (2014) სოფ. ომალო, თუშეთი.
  9. ბრეკაშვილი, ლ. (2015) სოფ. ზემო ბოდბე, სიღნაღი.