Lactarius deliciosus (L.) Gray

Lactarius deliciosus (L.) Gray
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები) — Lactarius deliciosus (L.) Gray
გავრცელება საქართველოში (ჰერბარიუმის მონაცემები)

ადგილობრივი სახელწოდება

მჭადა (1), მჭადიო, მჭადო, ჭადო (იმერ.), (2), მჭადა (ქიზ.) (3), ჭადო (რაჭ.) (4), მაჭკიდია (მეგ.) (5), სოკომჭადა (გურ.) (6), ჭადა-ჭადაი (გურ.), ჭადობაი (ზ. აჭარ.) (7), ჭადუაი (სვან) (8), გუზ (სვან.) (9).

აღწერა

ქუდი — სქელხორცოვანი, 5–17 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად მრგვლად ამობურცული, შემდეგ — გაშლილი, ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ზოგჯერ გლუვი, ზოგჯერ კი ოდნავ ხაოიანი, ხოლო ნესტიან ამინდში ზოგჯერ წებოვანი ზედაპირით. მოყვითალო-ნარინჯისფერი, ზოგჯერ მკვეთრად გამოხატული მოლურჯო-მომწვანო ელფერით, შედარებით მუქი კონცენტრული ზოლებით და ლაქებით. ფირფიტები ხშირი, თხელი, ფეხის მიმართ ოდნავ დაღმავალი, მონარინჯისფრო-მოყვითალო ან სტაფილოსფერი, შეხებისას ან ხელის დაჭერისას მწვანდება. ფეხი — 4–6 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, თანაბარი, ზოგჯერ ძირისკენ დავიწროვებული, ფუყე, ქუდის ფერი ან ოდნავ ღია. რბილობი — მოთეთრო-მოყვითალო-მონარინჯისფრო, შედარებით მკვრივი, გადატეხვისას გამოყოფს მოთეთრო-მოყვითალო-მონარინჯისფრო რძისმაგვარ სითხეს, რომელიც რბილობის მსგავსად მონაცრისფრო-მომწვანო შეფერილობას იღებს, ახასიათებს მოტკბო გემო. სპორები — კვერცხისებრ-ელიფსური, მოთეთრო-მოყვითალო, ხორკლიანი ზედაპირით, 7–9 X 6–8 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, ღია ადგილებში, წიწვოვან ტყეში და ტყის პირებში, ზაფხულ–შემოდგომით.
გავრცელება — საქართველოში ყველგან (10).

გამოყენება

კარგ საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება როგორც ახალი, ისე დამუჟუჟებული და დამწნილებული (1).

რაჭა — „საჭმელი სოკოა, ქუდიც და ფეხიც ყავისფერი აქვს. გადატეხისას რძისმაგვარ წვენს გამოყოფს. ჭადოს უმადაც ვჭამთ“ (4), „ჭადოს ზამთრისთვისაც ვახმობთ“ (11). გურია — „სოკოა, უმადაც იჭმება“ (6). აჭარა — „სოკოა ერთგვარ, ჭამენ უმად“ (7). სვანეთი — „ წითელი სოკოა, იჭმევა უმი, შემწვარი, მოხარშული“(8). კახეთი — „მჭადა სოკო აგურისფერია, უმადაც მიირთმევენ, ძალიან გემრიელია“ (12). თეთრიწყარო — „მჭადა ადრე უფრო მეტი იყო, ჩემ ბავშვობაში ხის კასრებში ამწნილებდნენ“ (13).

შენიშვნა: ამ სოკოს საქართველოს ყველა რეგიონში აგროვებენ. ერთადერთი სახეობაა, რომელსაც უმადაც მიირთმევენ.

წყარო

  1. ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
  2. მაყაშვილი, ა. (1991) ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. საქ. მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – მე-3 გამოცემა. თბილისი: მეცნიერება.
  3. მენთეშაშვილი, ს. (1943) ქიზიყური ლექსიკონი. ქართველურ ენათა ლექსიკა. თბილისი.
  4. კობახიძე, ა. (1987) რაჭული დიალექტის ლექსიკონი. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნ. ინ-ტი – თბილისი: მეცნიერება.
  5. ქობალია, ა. (2010) მეგრული ლექსიკონი. – თბილისი: არტანუჯი.
  6. შარაშიძე, გ. (2014) გურული ლექსიკონი. პუბლიკაციები გურიის სულიერი და მატერიალური კულტურის ისტორიიდან. თბილისი.
  7. ღლონტი, ალ. (1974) ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი: განათლება.
  8. ონიანი, ა. (1917) მეგმარეშ ი ბალხარე ჟახელე ხორავ. ხეების და მცენარეთა სვანური სახელწოდებები. – პეტროგრადი: მახლარე-აკადემიაი ლებქედარ (სვანურად).
  9. თოფურია, ვ., ქალდანი, მ. (2000) სვანური ლექსიკონი. თბილისი.
  10. ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
  11. მელაშვილი, ნ. (2014) სოფ. ურავი, ამბროლაური.
  12. ზაალიშვილი, დ. (2015) სოფ. საბუე, ყვარელი.
  13. ბექაური, თ. (2014) თეთრიწყარო.