ადგილობრივი სახელწოდება
ნაცარა (1).
აღწერა
ქუდი — 5–12 სმ-მდე დიამეტრის. თავდაპირველად ამობურცული, შემდეგ ძაბრისებრ ჩაღრმავებული, შუაში პატარა ბორცვაკით, არათანაბარი, ტალღოვანი და შეკეცილი კდეებით მონაცრისფრო-ტყვიისფერი, ღია მოიასამნისფრო ელფერით, ზოგჯერ სუსტად გამოხატული შედარებით მუქი კონცენტრული ზონებით და ლაქებით ან მათ გარეშე. ფირფიტები მეჩხერი, ფეხთან შეზრდილი, ხშირად დაკლაკნილი, მოყვითალო. ფეხი — 4–8 სმ-მდე სიგრძის და 1–2 სმ-მდე სისქის, ცილინდრული, თანაბარი, ზოგჯერ ძირისკენ დავიწროვებული, ჯერ მკვრივი, შემდეგ ფუყე, სიგრძივ დაღარული, ქუდის ფერი ან ოდნავ ღია. რბილობი — მოთეთრო, შედარებით მკვრივი, გადატეხვისას ფერს არ იცვლის, გამოყოფს მოთეთრო რძისმაგვარ სითხეს, ახასიათებს მომწარო გემო. სპორები — თითქმის სფეროსებრი, მოთეთრო-მოყვითალო ან ღია კრემისფერი, ხორკლიანი ზედაპირით, 6–8.5 X 5–6.5 მკმ.
ჰაბიტატი — იზრდება ნიადაგზე, წიფლნარებში და შერეულ წიფლნარებში, ზაფხულ-შემოდგომით.
გავრცელება — მთელ საქართველოში (2).
გამოყენება
საჭმელ სოკოდ ითვლება, საკვებად გამოიყენება მხოლოდ დამწნილებული, წინასწარი გათუთქვის შემდეგ (1).
წყარო
- ნახუცრიშვილი, ი. (2007) საქართველოს სოკოები. თბილისი: ბუნება პრინტი.
- ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).

